„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ „კურიერის“ ჟურნალისტები და ირაკლი ოქრუაშვილს არ შეხვედრიან. ამის შესახებ 1tv.ge წერს.
მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივა გუშინ ინტერვიუს დროს მოისმინა.
“არ შევხვედრივარ. არც კურიერის ჟურნალისტები. მისი ინიციატივის შესახებ მოვისმინე ინტერვიუს დროს, რომელიც ჩავწერე გუშინ“, – აცხადებს ნოდარ მელაძე.
პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ანა რეხვიაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი გუშინ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შეხვდა. მისი თქმით, ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს კომპანიის კუთვნილი 80 პროცენტი შესთავაზა, რაზეც ჟურნალისტებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.
ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ამბობს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა, თუმცა კომპანიის დღევანდელი მფლობელი ამ დოკუმენტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ხელმოწერა გაყალბებულია.