ლომჯარიას აზრით, „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის მიერ აღსრულების მოთხოვნა კანონდარღვევა არ არის

კანონდარღვევა ვერ დავინახეთ იმაში, რომ რუსთავი2-ის ახალმა მესაკუთრემ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა, განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ შეფასებასთან დაკავშირებით. 

„რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადად, ძალაში შედის მას შემდეგ, რაც გასაჩივრების ვადა გადის და ეს ამ შემთხვევაშიც ასე არის, თუმცა საქმე ეხებოდა დროებითი ღონისძიების გაუქმებას, ანუ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სტრასბურგმა და მან მოხსნა დროებითი ღონისძიება, რამაც მისცა შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში უკვე ახალ მესაკუთრეს, რომ მოეთხოვა დაუყოვნებლივი აღსრულება.

შეიძლება ვისაუბროთ მიზანშეწონილობაზე, რა შეიძლება ყოფილიყო უმჯობესი, თუმცა, ამ შემთხვევაში იმაში, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა ახალმა მესაკუთრემ, ჩვენ კანონდარღვევა ვერ დავინახეთ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

მისივე თქმით, მას მოქმედ დირექტორთან დაკავშირების სურვილი ჰქონდა, თუმცა ის დღემდე არ გამოსულა კონტაქტზე. 

ლომჯარია არხის კოლექტივთან და ჟურნალისტებთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გეგმავს. შეხვედრაზე შრომითი უფლებების დაცვის, ასევე, ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლების შენარჩუნების საკითხებზე იმსჯელებენ.

ომბუდსმენის თქმით, არხის თანამშრომლებს შეუძლიათ, სახალხო დამცველის იმედი ჰქონდეთ.

დღეს ტელეკომპანიის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აღსრულება ოქტომბრამდე, გასაჩივრებამდე არ უნდა მომხდარიყო: 

„ჩამოვიდა სტრასბურგის გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია. თან ახლავს მოწერილობა, რომელიც განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო. შეგახსენებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არ არის შესული და გასაჩივრებას ექვემდებარება, საერთო წესით, ძალაში არ შედის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს პირდაპირ არის მითითებული შესაბამის სამართლის წყაროში“.

Facebook Comments

ახალი დადებული