ხელოვნება და კულტურა

რეჟისორი – “ტვ პირველის” მფლობელის დაკვეთით გადაღებულ ფილმზე ანაზღაურება არავისთვის გადაუხდიათ

“ქართული მხატვრული ფილმის – “პრეზიდენტის“ გადაღებისას თაღლითობას ჰქონდა ადგილი. მთელი ჯგუფი, მსახიობები, რეჟისორები ანაზღაურების გარეშე დატოვეს”, – ამის შესახებ რეჟისორებმა – გია კაჭარავამ და ბესარიონ კვარაცხელიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს.
მათი თქმით, ფილმის შემკვეთი “ტვ პირველის” მფლობელი – ვატო წერეთელია. როგორც კაჭარავა აცხადებს, ანაზღაურება არავისთვის გადაუხდიათ, ფილმი კი ტელევიზიის ეთერში ოთხჯერ გავიდა.
„ჩვენ გადავიღეთ მხატვრული ფილმი – „პრეზიდენტი“. იანვარში იყო პრემიერა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჯგუფის ყველა წევრი დარჩა უფულოდ, არ გადაუხადეს ანაზღაურება. ყველაზე დიდი პრობლემა გაჩნდა პროდიუსერთან, რომელმაც დაგვიბარა თავის დროზე, შეგვიკვეთა ფილმი. ეს გახლავთ დავით ბეჟიტაშვილი. ეს ყველაფერი ჰგავდა თაღლითობას.
ჩემთან მოვიდა დავით ბეჟიტაშვილი. თქვა, რომ მუშაობის დაწყებას აპირებდა ფილმზე. ვიცოდი მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ და პირველი, რაც ვკითხე, იყო ის, თუ საიდან ჰქონდა ფული. მან თქვა. რომ ფილმის შემკვეთი, იდეის ავტორი და მხარდამჭერი თავის ტელევიზიით არის „ტვ პირველის“ მფლობელი – ვატო წერეთელი. დავიწყეთ გადაღებები. გაჩნდა ფინანსური პრობლემები.
ბეჟიტაშვილმა, როგორც იქნა. გახსნა კარტები – მოგვაწოდა ის, რაც მას დაიცავს. ბეჟიტაშვილმა გადმომცა შემდეგ ე.წ. სქრინშოტები, მიწერ-მოწერა ჰქონდა ვატო წერეთელთან, რომელიც საზღვარგარეთ იყო. ეს ჰგავდა შეფერხებებს, რაც კინოში, სამწუხაროდ, ხშირია. ჩვენი ენთუზიაზმით, ნაწილი ფულით, თავად ხარჯავდა ბეჟიტაშვილი თუ რა ფული იყო, არ ვიცი, გავაგრძელეთ გადაღებები“, – განაცხადა კაჭარავამ.
მისივე თქმით, ფინანსური პრობლემები შემდეგშიც გაგრძელდა.
„შემდეგ ჩვენი მეგობარი და იურისტი, რომელიც პირადად იცნობს ვატო წერეთელს, ჩვენი თხოვნით, მივიდა საქმის გასარკვევად. ვატო წერეთელმა თქვა, რომ არანაირი კავშირი ჰქონდა ამ ყველაფერთან, ეს მას არ შეუკვეთავს. ბეჟიტაშვილსა და წერეთელს შორის მიმოწერის „სქრინშოტებში“ ჩანს, რომ წერეთელი ყველაფერის საქმის კურსში იყო. სპეციალურად ამ ფილმის გადასაღებად შპს შეიქმნა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო ვატო წერეთლის მეგობარი, დირექტორად ოთარ მიქელაძე დანიშნეს.
ფილმის ავტორი გასცემს უფლებას ფილმის ჩვენებაზე ისე, რომ ჩემთვის არაფერი უკითხავთ. ის 4 -ჯერ გავიდა “ტვ პირველის” ეთერით. ფილმი წაგვართვეს, გაუშვეს 4-ჯერ. საერთო დავალიანება, ჯამურად, დაახლოებით, 100 ათას ლარამდეა”, – განაცხადა კაჭარავამ.
მისივე თქმით, თაღლითობის საქმეზე პროკურატურას უკვე მიმართეს.

kvira

Facebook Comments