თუ ჩემს ძმისშვილს არ გაათავისუფლებენ, ამას ცუდი დასასრული ექნება

ჰუსეინი 11 თვის განმავლობაში პარლამენტთან იმის მოლოდინით დგას, როდის აღიარებს ეს სახელმწიფო თავის დანაშაულს, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.
მაჩალიკაშვილი მისი ძმისშვილის, ჰუსეინ(მორის) მაჩალიკაშვილის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ბრალდება სრული აბსურდია.

„ჰუსეინი, თემირლანის მკვლელობის შემდეგ ისე მყავს, როგორც თემირლანი. ჰუსეინი მხეცურად მოკლული თემირლანის დების იგივე ძმა არის. რაშიც დღეს მას ადანაშაულებენ, სახელწიფო გადატრიალების ორგანიზებაში, ეს არის სრული აბსურდი“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს შსს-ს იმ მტკიცებულებაზე, რომლის მიხედვითაც მისი ძმისშვილი პარლამენტთან წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„მე ეს მტკიცებულებები არ მინახავს. იმ დღეს აქ იყო მთელი ქვეყანა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რასთან დაკავშირებით იყვნენ შეკრებილები, რომ საქართველოს მტრის, გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. ჰუსეინი იმ აქციის ორგანიზების გამო არ მოსულა, ის 11 თვის განმავლობაში იმის მოლოდინით დგას, როდის აღიარებს ეს სახელმწიფო თავის დანაშაულს. მე ასეთი კადრები არ მინახავს, რომ ის მათ წინააღმდეგობას უწევდეს, მაგრამ ასე რომც იყოს, ჰუსეინი ამ ხელისუფლებამ მიიყვანა იმ დონემდე, ასე რომ მოქცეულიყო“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა სრულ უნდობლობას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას და სასამართლოს.

„უნდობლობას ვუცხადებ იქიდან გამომდინარე, ჩემი საქმე როგორც მიჰყავთ და როგორ ცდილობენ ყველაფრის „გაპრავებას“. დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს როგორ უნდა მივმართო არც ვიცი, მე უბრალოდ მართლა შოკში ვარ. ესენი რას სჩადიან, საიდან მოვიდნენ საერთოდ?!“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

„თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას დაუშვებენ და ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული“, – აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილს, მორის მაჩალიკაშვილს ბრალი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით წარედგინა.

Facebook Comments

ახალი დადებული