ისტორია

ურჩხული, თუ ქვეყნის საამაყო რაინდი – გრაფი დრაკულა, ბრიტანეთის პრინცის, ჩარლზის წინაპარი

რუმინეთის ეროვნულმა სამოგზაურო ბიურომ ბროშურა გამოსცა, სადაც წერია, რომ გაერთიანებული სამეფოს სამეფო ოჯახი მე-15 საუკუნეში მცხოვრებ გრაფ დრაკულას პროტოტიპ, ვალახეთის მმართველთან ნათესაურ კავშირშია.

ბრიტანული მედიის მტკიცებით, რუმინეთმა სპეციალურად გაავრცელა სიცრუე, რათა ქვეყანაში ბრიტანელი ტურისტები მიეზიდა, თუმცა უინძორების დინასტიური ხის მიხედვით, მართლაც არსებობს ნათესაური კავშირი ბრიტანეთის სამეფო ოჯახსა და ტრანსილვანიის თავადს შორის, რომელიც მე-15 საუკუნეში მეფობდა. 

„ჩემს ძარღვებში ტრანსილვანიური სისხლი ჩქეფს, გენეალოგიური ხის მიხედვით, მე ვლად III ცეპეშის შთამომავალი ვარ“,-ამის შესახებ 2012 წელს ბრიტანეთის პრინცმა, ჩარლზმა ლონდონში, ერთ-ერთი ტურისტული გამოფენის გახსნისას განაცხადა. 

ორი სამეფო ოჯახი XIX საუკუნეში დანათესავდა: ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V , მარია საქსენზე დაქორწინდა, რომელიც ცეპეშის ძმის, ვლად IV-ის პირდაპირი შთამომავალი იყო. ამგვარად, უდავოა, რომ პრინცი ჩარლზი დრაკულას შთამომავალია, (მე-16 თაობა).

„რუმინეთი- ეს არის მთებისა და ლეგენდების ქვეყანა, სადაც ყინვაში მგლის ყმუილი არ გაძინებს“,- განაცხადა პრინცმა ჩარლზმა და აღნიშნა, რომ არ ეშინია თავისი სისხლისმსმელი წინაპრის, და 2006 წელს ერთ-ერთ რუმინულ სოფელში პატარა სახლიც კი შეიძინა. 

სად ცხოვრობდა მისი ცნობილი ტრანსილვანიელი წინაპარი, უცნობია. დღეს რუმინეთში მდებარე ყოველ სასახლეში ვლად ცეპეშზე ყვებიან ისტორიებს, რომელთა უმეტესობა, რა თქმა უნდა, გამოგონილია, თავად რეზიდენციები კი დრაკულას გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ არის აშენებული. 

ცნობილია, რომ ის ფუფუნების მოტრფიალე არ იყო, სასახლეში, სადაც ცხოვრობდა, ათეულობით ოთახი იყო, ასევე მიწისქვეშა გასასვლელები, ლამაზი ავეჯი, იარაღების კოლექცია, ოქრო, ვერცხლი, თუმცა ამ ყველაფერს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

ბრანის სასახლის ჩრდილოეთ ფასადი, რომელშიც ბრემ სტოკერის გოთიკური რომანის მიხედვით, გრაფი დრაკულა ცხოვრობდა.

ისტორიკოსების გადმოცემით, დრაკულა თავის მთავარ ამოცანად ქვეყნის გაერთიანებას მიიჩნევდა. გასაკვირი არ არის, რომ რუმინელებისთვის ცეპეში- ეროვნული გმირი, წმინდანი, კეთილშობილი რაინდია, რომელსაც ადგილობრივი ეკლესია დიდად აფასებს. მას ოსმალეთის იმპერიასთან მებრძოლ გმირად მიიჩნევენ, ასევე მმართველად, რომელიც დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანებისთვის იბრძოდა.

ცეპეშმა საბოლოოდ, მართლაც შეძლო რუმინეთის გაერთიანება და სეპარატიზმის დამარცხება, თუმცა ქვეყნის წინაშე ასეთი დამსახურება არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დრაკულა, ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, სინამდვილეში სასტიკი და შურისმაძიებელი პიროვნება იყო. კაცობრიობის აზროვნებაში ეს მონარქი ურჩხულად იქცა, რომლის მსგავსი არ არსებობს. პიროვნულად ეს ადამიანი, რომელიც სადისტად და მანიაკად ითვლებოდა, დღემდე კამათის საგანია. არიან ისეთებიც, ვინც დარწმუნებულია, რომ დრაკულა თავისი ეპოქის ჩვეულებრივი მოღვაწე იყო, როცა დემოსტრაციული სისასტიკე სავსებით ჩვეულებრივი მოვლენა იყო. 

მეტსახელი დრაკულა- დრაკონის შვილი და ცეპეში – სარზე გამსმელი (იმ დროისთვის დასჯის ძირითადი საშუალება) მან ტახტზე ასვლის შემდეგ მიიღო. მისი ნამდვილი გვარია ბესარაბი.

დრაკულას ორი ცოლი ჰყავდა. ერთი დიდგვაროვანი, მეორე კი, ნაკლებად სახელოვანი ოჯახიდან. სწორედ ამ უკანასკნელში იყო ის მთელი გულით შეყვარებული. მისი სიკვდილის შემდეგ კი, ქალმა სიცოცხლე აღარ ისურვა და თავი მოიკლა.

ვლად ცეპეში კონოფილმების გმირიც ხშირად გამხდარა, მაგრამ რეჟისორების უმეტესობა მას ვამპირად და იმქვეყნიურ არსებად გამოსახავ. დრაკულა-რაინდი კი, დიდი იშვიათობაა.

Facebook Comments