საზოგადოება

ძალიან გავრისკე, როცა ძიძად მუშაობა გადავწყვიტე – გამოცდილი ქართველი ძიძის გამაოგნებელი ნაამბობი

Nusagi

ვთვლი, რომ ძალიან გავრისკე, როცა ძიძად მუშაობა გადავწყვიტე. თან ისე სკეპტიკურად უყურებენ ძიძების ინსტიტუტს საქართველოში, რიგი მიზეზების გამო, რომ სამსახურის ეს ფორმა თავისი შინაარსით საკუთარი ნერვების მოთოკვასა და თვითკონტროლს გულისხმობს ყველაზე მეტად.
სამსახურის დაკარგვის შემდეგ სახლში ყოფნის ფუფუნება ნამდვილად არ მქონდა და ბევრ სხვა შესაძლო ვარიანტთან ერთად ძიძად მუშაობასაც განვიხილავდი. ინტერნეტში განცხადების განთავსებიდან რამდენიმე ხანში ერთ-ერთმა ოჯახმა დამირეკა. სახლის არქიტექტურას და ოთახებს შესამჩნევად ეტყობოდა, რომ მდიდრები იყვნენ მეპატრონეები. 
შეხვედრის დღეს, უფლება-მოვალეობები, მოთხოვნები გამაცნეს, თუმცა და-ძმა, რომლისთვისაც ძიძობა უნდა გამეწია, სახლში არ იყო. დილის ცხრის ნახევრიდან საღამო რვის ნახევრადე 4 და 12 წლის მოზარდებისთვის საჭმელი უნდა გამემზადებინა, ნივთები მომეწესრიგებინა და მათთვის განკუთვნილი დრო საინტერესოდ დამეგეგმა. 
ბავშვებთან ურთიერთობა მარტივი რომ არ არის, ამაში ყველა დამეთანმხმება, თუმცა საერთო ენის გამონახვის და მათი ინტერესების გათვალისწინების შემდეგ შეიძლება ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალოს. ჩვენს შემთხვევაში, საქმე ცოტა უფრო რთულად იყო – პატარა 4 წლის გოგო მესამე პირში დანაწევრებულად, გაბნეულად ლაპარაკობდა, თან ძალიან ცოტას. მასთან ვერბალური კომუნიკაცია თითქმის შეუძლებელი გახლდათ. გაგიკვირდებათ და ბავშვებს კომპიუტერთან მიახლოება ეკრძალებოდათ და მეც მკაცრად გამაფრთხილეს, რომ ბავშვებისთვის თავისუფალი დრო, სხვა ალტერნატიული გასართობით ჩაგვენაცვლებინა. თურმე ამის წინაპირობა ის იყო, რომ ჩემამდე მომუშავე ოთხი ძიძა ბავშვებს კომპიუტერთან ამყოფებდა მთელ დღეს, ჭამის დროსაც კი ბავშვი კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ ანიმაციას იყო მიჯაჭვული. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, კომპიუტერთან ცალმხრივმა კომუნიკაციამ და უფროსებთან კომუნიკაციის ნაკლებობამ (მათ შორის – მშობლებთანაც) პატარას მეტყველება დააპაუზა. ამას გარდა, ბავშვს სრულფასოვნად არ ეკონტაქტებოდა არავინ, უფროს ძმას თითქმის ვერ ხედავდა, დედ-მამას დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო არასოდეს ეცალა შვილისთვის. ,,ჭკვიანმა” მშობლებმა კომპიუტერის თითქოსდა აკრძალვით ჩათვალეს, რომ ბავშვს უშველეს, თუმცა პირიქით მოხდა – ბავშვი საკუთარ თავში ჩაიკეტა. არაერთხელ ჰქონიათ მცდელობა კერძო ბაღში ტარების, თუმცა მცდელობა, მცდელობა რჩებოდა, რადგან ბავშვის ასაკობრივი უნარები მკვეთრად ჩამორჩებოდა თანატოლი აღსაზრდელების უნარებსა და მისთვის იქ ყოფნა უფრო სტრესული იყო. 
რაც შეეხება კვებას, ვიზუალურად მას უჭირდა საკვების აღქმა, რადგან დაბლენდერებული საჭმლის მიღებას იყო შეჩვეული და ჩვეულებრივ პირობებში დამზადებული საკვები ეუცხოებოდა. დაბლენდერებულის გარდა არაფერს ჭამდა. ხილს ახლოსაც არ ეკარებოდა. 
ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, საკუთარ პასუხისმგებლობად ჩავთვალე ბავშვის ,,გადარჩენა”. თავიდან დავიწყეთ თამაშით, ერთ კვირაში ამან შედეგი გამოიღო, როცა მის სასურველ ნივთს ავიღებდი, ჰქონდა რეაქცია და დასაბრუნებლად ცდილობდა ლაპარაკს. მივიტანე საბავშვო სიმღერების ჩანაწერები და ჩავურთე. მე სიმღერით ვიმეორებდი ტექსტებს და ვცეკვავდი, რაც მას ძალიან მოსწონდა და რამდენიმე დღეში, ეს ყველაფერი გახდა მიზეზი იმისა, რომ თვითონ მანიშნებდა, რომელი სიმღერა ჩაგვერთო. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გამაოცა კიდეც, როცა სიმღერის ტექსტი წაიღიღინა და დანაწევრებული სიტყვებიც ცოტ-ცოტა გაქრა მისი საუბრიდან. 
არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი, მაგრამ ერთხელ როცა ძალიან შიოდა და საკვებზე კატეგორიულად ამბობდა უარს, მასთან ახლოს დავჯექი და მადიანად დავიწყე ვაშლის ჭამა. რამდენიმე წუთის მერე, ვხედავ, როგორ გამოაქვს სამზარეულოდან მწვანე ვაშლი და როგორ უყურებს, არაფერი შევიმჩნიე და დაველოდე. საბოლოოდ მან ვაშლი მიირთვა და ჩვენ კიდევ ერთი ბარიერი გადავლახეთ ერთად…

მას მერე არაერთი ოჯახი და ბავშვი გამოვიცვალე. არაერთგან შემხვედრია მსგავსი, თუმცა ცოტა განსხვავებული პრობლემები – შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ დღევანდელ ბავშვებს ყველაზე მეტად სწორედ კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემა აქვთ – უფროსებთან, მშობლებთან კომუნიკაციის ნაკლებობის. იმ მცირე დროსაც, როცა მშობლებს უნდა ელაპარაკონ, მოუყვნენ ზღაპრებს თუ ახალ ამბებს, როცა მშობელმა უნდა უპასუხოთ ბევრ საინტერესო შეკითავხზე ან უკითხოს ძლის წინ სასიამოვნო ამბები – ან გაჯეტებთან ატარებენ, ან ძიძებთან, რომლებიც ხანდახან რამდენიმე თვეში ისე იცვლებიან, ბავშვი არათუ შეყვარებას, მიჩვევასაც ვერ ასწრებს. ბავშვების გარკვეული ნაწილი, ვისთანაც მქონდა კონტაქტი, როგორც ძიძას, ვერ მეტყველებდა მეორე პირში, რადგან უბრალოდ არ ჰქონდა ამის გამოცდილება – ვიღაცასთან მუდმივი საუბრების. საკუთარ თავზეც ხშირად მესამე პირში საუბრობნენ. შვილი და მშობელი არ იცნობენ ერთმანეთს… როცა მშობელი პრობლემას აღმოაჩენდა, ცდილობდა ფსიქოლოგი ჩაერთო საქმეში – არადა, პრობლემა სწორედ მასში იყო, მისი ყურადღებისა და სითბოს მუდმივ დეფიციტში…
ერთხელ მახსოვს, ერთმა დედიკომ მისი შვილის დაბადების დღის წინა დღეს მკითხა – რა ვუყიდო, შენ უკეთ იცი, რა უყვარსო?.. ისე ამაღელვა ამან, ტირილი მომინდა…
მეტყველების, სამყაროს აღქმის და ბევრი სხვა პრობლემა დამიძლევია ასეთ პატარებთან ერთად, თუმცა მთავარი მიუღწეველი დაგვრჩა მე და ბავშვებს – დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ რჩება დედა და მამა “მიყიდე” არსებებად. ადამიანებად, რომლებიც შვილს საჩუქრებით, ათასნაირი ძვირად ღირებული სათამაშოთი ანებივრებენ და არ ჩუქნიან მას ყველაზე ძვირფას – სულ ცოტა დროს, ყურადღებას და სითბოს. 

ლენუკა, 37 წლის

mshoblebi.ge

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,373 ნახვა
%d bloggers like this: