ჯანდაცვა

რეორგანიზაციისას სასწრაფო დახმარების თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების შემცირება არ იგეგმება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია ოპერატიულობისა და ფუნქციური მოქნილობის გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს. 

“სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ამის შესახებ ინფორმირებულია სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ასევე მის სტრუქტურაში შემავალი სსიპების ყველა თანამშრომელი, რაც ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურაა და ადამიანი ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს. ერთადერთი მიზანი, რომლისთვისაც რეორგანიზაცია გამოცხადდა, ეს არის სამინისტროს მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება და შიდა სტრუქტურებში მეტი მოქნილობა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია 25 ივლისს გამოცხადდა. როგორც 1tv.ge ბრძანების ტექსტზე დაყრდნობით წერდა, „სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სისტემური და ეფექტური მმართველობის, ფუნქციონალური მოქნილობის ამაღლებისა და სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესებზე შესაბამისი სამსახურების ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში გამოცხადდეს რეორგანიზაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები.“

Facebook Comments