ბიზნესი პოლიტიკა

ზურაბ ადეიშვილი – თქვენ გგონიათ, ამერიკაში ბიზნესმენებს არ იჭერენ?

საქართველოში ბიზნესმენებს ქრთამის მიცემა ურჩევნიათ, რადგან ეს მათთვის ურთიერთობის უფრო გასაგები ფორმაა, – ასეთი პასუხი გასცა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ნიკა გვარამიას კითხვას, თუ რატომ აწიოკებდა ზურაბ ადეიშვილი ბიზნესს.

ადეიშვილის თქმით, მისი მთავარი შეცდომა იყო, რომ ბიზნესმენებს არ სჯიდა, არამედ აიძულებდა, თანხები სახელმწიფო პროექტებისთვის მიეტანათ.

„სწორი იქნებოდა, დაყადაღებულიყო კომპანიის თანხები და დასჯილიყო ეს ადამიანი. ბიზნესმენების მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება შეცდომა იყო. საზოგადოებაში ყველაზე მეტ ვნებათაღელვას იწვევდა მცირე დარღვევებზე დაჯარიმებები, პატარა მაღაზია რომ ჰქონდა ვიღაცას და ჩეკის გარეშე რომ ყიდდა. თუმცა, ეს ჩვეულებრივი საგადასახადო სამსახურის მოვალეობაა და მე არაფერ შუაში ვარ“,-განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

მისივე თქმით, ნარატივი, რომ ის რეპრესიების მთავარი სახე იყო, ვიღაცამ შექმნა. 

„ვერცერთი ბიზნესმენი ვერ იტყვის, რომ მე ვმოქმედებდი კერძო ინტერესებიდან გამომდინარე , და თუ ჩვენს დროს იყო სერიოზული ფაქტები სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, რატომ არავინ დაისაჯა დღეს“,-აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.

Facebook Comments
თეგები