ჯანდაცვა

ქართველი სამხედრო ექიმები საჰაერო ევაკუაციის სწავლებაში მონაწილეობენ

სამხედრო სწავლება Agile Spirit 2019-ის ფარგლებში, დღეიდან ქართველ სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებს საჰაერო ევაკუაციის განხორციელება სრულყოფილად შეეძლებათ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის საბრძოლო მედიკოსებმა, სამხედრო ექიმებმა და მედდებმა უპრეცედენტო საჰაერო საევაკუაციო სწავლება ამერიკელი ინსტრუქტორების დახმარებით C130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავში გაიარეს.

სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებისთვის საქართველოში მსგავსი სახის სწავლება პირველად ჩატარდა. სამედიცინო წვრთნა დაჭრილი ან დაზარალებული სამხედროების საჰაერო ევაკუაციის მეთოდიკის შესწავლას და უნარ-ჩვევების დახვეწას ითვალისწინებდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სამხედრო მედიცინის წარმომადგენლებმა ხმელეთზე დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, დაზარალებული სამხედროები სამხედრო ხომალდზე გადაიყვანეს. 2-საათიანი ფრენის განმავლობაში კი, მათ დაზარალებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა განახორციელეს.

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019  საქართველოში 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით იმართება. სწავლება მიზნად მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაძლიერებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერატიული შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას ისახავს.

Facebook Comments