საზოგადოება

საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია თავისი მოქალაქეების დასაცავად დაიწყო

Nusagi

„საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამ დაწყებულმა ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ“, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ. 

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, 7 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო.

„გუშინ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო. 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, ამ თარიღს იმისთვის გამოიყენებდა, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ „თვალსაჩინო“ პირებმა ეს თარიღი გამოიყენეს, რომ საარჩევნო კამპანია დაეწყოთ, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოსთვის დაეკისრებინათ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, „რიტორიკა, რომლითაც გუშინ „ქართული ოცნება“ წარსდგა, 100 პროცენტით ემთხვევა რუსული დიპლომატიის განცხადებებს.

„მთელი პასუხისმგებლობა დააკისრეს საქართველოს ხელისუფლებასა და სახელმწიფოს, გაკვრით არის ნახსენები რუსეთი და ერთხელ არ გახსენებიათ ვლადიმერ პუტინი“, – აღნიშნა გრიგოლ  ვაშაძემ.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,818 ნახვა
%d bloggers like this: