რელიგია

9 აგვისტო სნეულთა მკურნალი წმინდანის, პანტელეიმონის დღეა

9 აგვისტოს მართლმადიდებლები წმინდა პანტელეიმონის დღეს აღნიშნავენ. პანტელეიმონი სნეულთა მკურნალი წმინდანია, მან სიცოცხლეში სახელი გაითქვა თავისი სასწაულებით, განკურნა უამრავი ადამიანი, მათ შორის ბრმები. 

წმინდა პანტელეიმონი ექიმების და მებრძოლების მფარველია. მონათვლამდე მას პანელეონი ერქვა, დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, „მეფის თანამეინახის“, ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. დედა ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას, შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მიაბარა ეფროსინეს – მკურნალთა მთავარს.

ერთხელ პანტელეონი ქრისტიან ხუცესს, ერმალაოზს შეხვდა და მისგან სახარების სწავლა დაიწყო. 

ერთ დღეს შინ მიმავალი პანტელეონი წააწყდა მკვდარ ბავშვს, რომელიც ასპიტს დაეგესლა და თვითონაც იქვე გაწოლილიყო. თავდაპირველად ჭაბუკი შეძრწუნდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში, თვალები ზეცად აღაპყრო და წარმოთქვა: „ჰოჲ, უფალო იესუ ქრისტე, უკუეთუ სათნო-გიჩს, რაჲთა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაჲ ესე სახელითა შენითა!“ ამ სიტყვებზე ყრმა, თითქოს ძილისგან გამოფხიზლდაო, ფეხზე წამოდგა, გველი კი განსკდა და მოკვდა. „მაშინ პანტელეონ შეიწყნარა მადლი სარწმუნოებისაჲ“, მადლობა შესწირა ღმერთს, მყისვე გაეშურა ერმოლაოზისკენ, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და სთხოვა, მოენათლა. წმიდა ხუცესმა მონათლა და პანტელეიმონი დაარქვა.

მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს კურნავდა, ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა.

წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი უსჯულო მაქსიმიანეს მეფობის წლებში (305-311), რომელიც სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, რომის იმპერიაში მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. 

Facebook Comments