სოციალური ქსელები და მედია

ია კიწმარიშვილი რუსთავი 2-თან დაკავშირებით, სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″- ის ერთ- ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე, ია კიწმარიშვილი “რუსთავი 2”-ის წილის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს სარჩელით დღეს მიმართავს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

“არავისთვის არის საიდუმლო, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს წილები მათი ნების საწინააღმდეგოდ, ზეწოლის ქვეშ დაათმობინეს. მე, როგორც ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრე, მაქვს ყველანაირი სამართლებრივი და მორალური უფლება, რომ ეროსის კუთვნილი წილის დაბრუნება მოვითხოვო. ეს მოთხოვნა დღეს არ წარმოშობილა და დავა დაწყებული ეროსის ჯერ კიდევ 2009 წელს აქვს. მაშინ სააკაშვილის სასამართლოში ითხოვდა ეროსი წილის დაბრუნებას, რადგან მას ეს წილი მისი ნების საწინააღმდეგოდ დაათმობინეს და მოლაპარაკებული თანხაც არ გადაუხადეს. თანხა ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია “პანორამას” უნდა გადაეხადა, თუმცა, ეს თანხა დღემდე არ გადაუხდია. მაშინ სასამართლომ საქმე განიხილა და დაადგინა, რომ თანხა არ იყო გადახდილი, მაგრამ ხანდაზმულობის გამო სარჩელი არ დააკმაყოფილა. დღეს ვითარება შეცვლილია. ზუსტად მსგავსი მოთხოვნით მიმართა ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს და სასამართლომ მის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ჩემი მოთხოვნაც იდენტურია და დარწმუნებული ვარ, ობიექტურმა სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ უნდა მიიღოს. საუბარია წილის 30 პროცენტზე”,- განაცხადა ია კიწმარიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე განცხადებით, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წილების გასხვისებას გეგმავს, ამიტომ კიწმარიშვილი მოუწოდებს ხალვაშს და პოტენციურ შემსყიდველს, სასამართლო პროცესების დასრულებამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღონ.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni