სამართალი

ტელეკომპანია „პირველზე“ შესაძლო კიბერშეტევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია „პირველზე“ შესაძლო კიბერშეტევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს. 

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ამ დროისთვის ტელევიზიის მაუწყებლობა აღდგენილია, თუმცა ის ხარვეზებით ხორციელდება. როგორც ტელეწამყვანი დიანა ტრაპაიძე აცხადებს, ტელევიზიამ ვიდეო არქივი ფაქტობრივად დაკარგა, ასევე, სერვერი, ანუ ტექნიკური ბაზა, დავირუსებულია და მისი გამოყენება შეუძლებელია. 

„ახალი ამბები ვერ გავა ეთერში, ამიტომ შევეცდებით მხოლოდ ერთი კამერისა და რამდენიმე ჩართვის აპარატის საშუალებით მაყურებელს პირდაპირ ეთერში გადავცეთ, რაც ხდება. პირველადი ინფორმაციით, ეს კიბერშეტევაა, რომელმაც დაავირუსა და გაანადგურა სერვერზე არსებული ყველა მასალა. მგონი, საერთოდ, ქუდის გარეშე გავალ ეთერში, რადგან ესეც კი არ არის შენახული ჩვენს ტექნიკურ ბაზაში“, – განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

ტელეკომპანია „პირველმა“ დღეს დილით, Facebook-ზე აავრცელა ინფორმაცია, რომ მათ წინააღმდეგ კიბერშეტევა განხორციელდა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება. ეთერში ვერ გავიდა „საქმიანი დილა“, საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები.

Facebook Comments