ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრმა“ TAV Georgia-ს მომსახურებაზე უარი უთხრა – სიხარულით გავდივართ ამ თანამშრომლობიდან

„მე უარი ვუთხარი TAV Georgia-ს მომსახურებაზე იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მათთან თანამშრომლობა,  კატასტროფულად მაღალი გადასახადის გადახდა ჩვენთვის გაუსაძლისი იყო. „ტოიოტა ცენტრი“  TAV Georgia-ს თვეში 50 ათას ლარს ვუხდიდით მარტო იმაში, რომ ჩვენი ტაქსები იქ იდგა,  არაფერში არ გვეხმარებოდნენ საერთოდ. კერძო ტაქსების მძღოლები დგანან აეროპორტის შესასვლელთან და აეროპორტიდანვე მიჰყავთ მგზავრები,“ – ასე აფასებს „ტოიოტა ცენტრის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი TAV Georgia-სთან თანამშრომლობის 3 წელიწადს. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.

შეთანხმების ფარგლებში აეროპორტიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ „ტოიოტას ტაქსებს“ უნდა განეხორციელებინათ. თუმცა 1 ოქტომბრის შემდეგ კომპანია აღარ გააგრძელებს აეროპორტების მმართველ TAV Georgia-სთან ურთიერთობას და მიზეზად მძიმე ფინანსურ წნეხს ასახელებს.

„მე შევთავაზე კომპანიას, რომ დაეკლოთ გადასახადის მოცულობა , რადგან  როცა დავიწყეთ მუშაობა, მაშინ ვიხდიდით 10 000 დოლარს, ეს იყო 176 ათასი ლარი.  მერე მოუმატეს და მოუმატეს გადასახადს, ასე  ავიდა ეს თანხა 50 ათას ლარზე, რომელსაც უკვე 2 წელია ვიხდით. ჩვენთვის ეს მიმართულება კომერციული თვალსაზრისით აბსოლუტურად წაგებიანია. TAV Georgia-ს აეროპორტში ვიდგე მე ჩემი ტაქსებით და ზარალზე ვიმუშაო?  არანაირად არ მაწყობს.  პირველ ოქტომბრამდე გვაქვს კონტრაქტი აეროპორტთან და  მერე იქიდან დიდი სიხარულით გამოვალთ . რომც მითხრან  5000 დოლარად მოდიო, მაინც არ წავალ. TAV Georgia-ს ვეუბნებოდი, ცოტა ხელი შეგვიწყეთმეთქი,  მაგრამ პირიქით, ოქტომბრიდან კიდევ უნდა გაგიძვიროთ მომსახურებაო.

ბოლო 3 წლის განმავლობაში  ჩვენს კომპანიას ქალაქში  ტაქსები საერთოდ გავაუქმეთ და მარტო აეროპორტში ვიყავით დარჩენილები 40 მანქანით, იმიჯისთვის. ფაქტია, რომ ზარალის მეტი არაფერი  გვინახავს. არ ადარდებდათ ჩვენი ტაქსების მუშაობა, მარტო ფულს ითხოვდნენ. ეს კომპანია მარტო იმისთვისაა მოსული, რომ ფული აკეთოს და მერე უგზავნოს თემურ ალასანიას,“ – აცხადებს ირაკლი გურჩიანი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესთა გამოხატვა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

Facebook Comments