სპორტი

უეფამ თბილისის „დინამოს“ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

უეფამ არ დააკმაყოფილა თბილისის „დინამოს“ მოთხოვნა გადაწყვეტილების შეჩერების თაობაზე და 15 აგვისტოს „ფეიენოორდთან“ შეხვედრას თბილისური კლუბი გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს. მიუხედავად ამისა, უეფას გადაწყვეტილების შეცვლის გარკვეული შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

„დინამოს“ გენერალური დირექტორის ზაზა დოლიძის განცხადებით, დღესვე გაიგზავნება აპელაცია და არის გარკვეული შანსი, რომ 14 აგვისტოს გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. თუმცა, აპელაციის განხილვის პროცესი შესაძლოა  გაიწელოს და სასჯელი გაუქმდეს უკვე მატჩის დასრულების შემდეგ. ამ შემთხვევაში თბილისის „დინამო“ უეფასგან ფულად კომპენსაციას მიიღებს.

უეფამ თბილისის „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“ მატჩზე  გულშემატკივრების რასისტული ქმედების გამო დასაჯა.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ფეიენოორდთან“ „დინამო არენაზე“ მაყურებლების გარეშე ჩაივლის. ამასთან, კლუბი ვალდებულია, სტადიონზე გამოფინოს ბანერი, წარწერით #EqualGame. გარდა ამისა, უეფას ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

თბილისის „დინამო“ „გაბალას“ 1 აგვისტოს დაუპირისპირდა. შეხვედრა თბილისელების სასარგებლოდ ანგარიშით 3:0 დასრულდა.

Facebook Comments