საზოგადოება

ქობულეთში ძაღლის გადარჩენის დროს დაღუპულ კაცს ძეგლს დაუდგამენ

ქობულეთში რამდენიმე დღის წინ, 51 წლის კაცი აღელვებულ ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა და დაიღუპა. ფაქტს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ავთანდილ ცხვედიანისთვის ძეგლის დადგმის ინიციატივით სოციალურ ქსელში კამპანია წამოიწყეს. შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ქობულეთის მერია გამოეხმაურა.

როგორც imedinews-ს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას და პეტიციის ავტორებს სურვილის განხორციელებაში მაქსიმალურად დაეხმარებიან.

“ძალიან კარგი ინიციატივაა და ჩვენი სურვილია ამ იდეის ავტორებს ბოლომდე დავეხმაროთ, უახლოეს მომავალში პეტიციის ავტორებს შევხვდებით და განვიხილავთ ყველა დეტალს“, – განაცხადეს ქობულეთის მერიაში.

შემთხვევა ქობულეთში 5 აგვისტოს მოხდა. ადგილობრივი მკვიდრი კაცი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო, უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

Facebook Comments