სოციალური ქსელები და მედია

ნიკა ლალიაშვილი – „იმედის“ ჟურნალისტების შეხედულებას არ ვიზიარებ, ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო

მიმაჩნია, რომ აგვისტოს ომზე ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო. რაც შეეხება ჟურნალისტების ნაწილის შეხედულებას, ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას ipn ავრცელებს.

ლალიაშვილი გამოეხმაურა „იმედის“ ჟურნალისტების ნაწილის პროტესტს აგვისტოს ომზე მომზადებულ ფილმთან დაკავშირებით. ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, ჟურნალისტებს უფლება აქვთ არხზე გასულ ნებისმიერ კონტენტთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ.

„მე მიმაჩნია, რომ ეს ფილმი ძალიან სასარგებლო და დროული იყო. რაც შეეხება ჟურნალისტების ნაწილის შეხედულებას, ეს აბსოლუტურად დემოკრატიული პროცესია. ჟურნალისტებს უფლება აქვთ, რომ ნებისმიერი კონტენტის მიმართ, რაც არხზე გადის, თავიანთი დამოკიდებულება გამოხატონ. ნებისმიერ რედაქციაში ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია. მე თვითონ ვარ ფილმის მთავარი პროდიუსერი. მე ჟურნალისტთა ნაწილის ამ შეხედულებას არ ვიზიარებ,“ – განაცხადა ლალიაშვილმა.ლალიაშვილი არ ეთანხმება შეფასებას, რომ ფილმში „ნაციონალური მოძრაობის“  ბრალეულობაზე საუბარი რუსული ნარატივის გამეორებაა. ამასთან, იგი უარყოფს, რომ აღნიშნულ ფილმში რუსეთის ბრალეულობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, 2008 წელს სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ელიტა, ხელისუფლების შესანარჩუნებლად ავანტიურაზე წავიდა და ქვეყანა გაწირა.

„რუსეთის, როგორც ოკუპანტის ნეგატიური როლი ფილმში არანაირად არ არის მინიმუმამდე დაყვანილი. იქ წარმოჩენილია მთელი ეს ქრონოლოგია, ყველა ის მოვლენა, რაც წინ უძღოდა აგვისტოს ომს და ყველაფერი, რაც იქ არის მოყვანილი, არის წმინდა წყლის დოკუმენტური მასალა.

ეს არ არის რუსული ნარატივი. ამდენი წლის განმავლობაში სწორედ ამით ხდებოდა თემის ტაბუირება. მე ვფიქრობ, რომ არანაირი ტაბუები არ უნდა არსებობდეს, მითუმეტეს თავისუფალ მედიაში და სიმართლე ხმამაღლა უნდა იყოს ნათქვამი. სიმართლე არის ის, რომ სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა ელიტამ გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ შეენარჩუნებინათ უკვე ლეგიტიმაციამოკლებული ხელისუფლება. ისინი წავიდნენ აი, ამ ავანტიურაზე და გაწირეს ქვეყანა,“ – განაცხადა ლალიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები – “ქრონიკის“ ჟურნალისტები და imedinews-ის რედაქტორები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რაც “ფეისბუქზე“ ფლეშმობით გააპროტესტეს.

„არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!“, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის“ საინფორმაციო გამოშვების, „ქრონიკის“ ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში დაწერეს.

საქმე ეხება ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“, რომელსაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

Facebook Comments
თეგები