საზოგადოება

ჩემს შემთხვევაში იმუშავა აგენტ-პროვოკატორმა, მე არ ვარ მექრთამე, არ ვარ კორუმპირებული

“ქართული ოცნების” ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიურ სახეს ოთარ აბესაძეს, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით იყო დაკავებული, ბრალი ნაკლებად მძიმე დანაშაულად გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას.

ოთარ აბესაძის თქმით, საპატიმროს დატოვების შემდეგ ორი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, მიიღო მიწვევა ევროპის ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან და ამის გამო, საპროცესო გარიგებაზე დათანხმება გადაწყვიტა. 

როგორც ოთარ აბესაძემ ტვ-პირველის ეთერში განაცხადა, ის მიგზავნილი აგენტ-პროვოკატორის მსხვერპლია.

„მე დამაკავეს ქრთამის აღების ბრალდებით, ეს საკმაოდ მძიმე დანაშაულია. ეს ყველაფერი განაპირობა მოწმეთა დაკითხვამ, ჩემს შემთხვევაში იმუშავა აგენტ-პროვოკატორმა, დეტალებში არ შევალ, ის იყო ჩემი ახლო სამეგობროდან. მოგვიანებით, მტკიცებულებათა ერთობლიობით, საქმე გადაკვალიფიცირდა და 2 წელიწადზე მეტია ეს ყველაფერი გრძელდება, კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელებულიყო, ამიტომ მოვაწერე საპროცესო შეთანხმებას ხელი. უბრალოდ დავიღალე და დავტანჯე ჩემი ოჯახი სასამართლოში სიარულით, მინდოდა, ეს საქმე დასრულებულიყო“,-განაცხადა ოთარ აბესაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი თანაგუნდელების კრიტიკას არ აპირებს, თუმცა თუ სატელევიზიო თოქშოუებში მიიწვევენ, მონაწილეობას მიიღებს, როგორც ამ ქვეყნის აქტიური მოქალაქე. 

„მე არ ვარ კორუმპირებული, არ ვარ მექრთამე. დღემდე ვერ ამოვხსენი, თუ ვის შეიძლებოდა ჰქონოდა ჩემთან პრობლემა. როდესაც დავტოვე საპატიმრო, გავხდი ორი უნივერსიტეტის პროფესორი, მაქვს მიწვევა უცხოეთიდან და ვიხედები მხოლოდ წინ“,-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება თავდაპირველად აცხადებდა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს თბილისში, მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფეს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის მერიის სხვადასხვა სამსახურიდან საჭირო ნებართვების დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 3 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

აბესაძე 2017 წლის ივლისში დააკავეს, 2018 წლის 15 იანვარს კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.



Facebook Comments