პოლიტიკა

ელიზაბეთ რუდი – დღეს აშშ ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

ელიზაბეთ რუდმა ქართულ ენაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, აშშ-მ საქართველოს დახმარება ფაროსანასთან ბრძოლაში 2 წლის წინ დაიწყო. ელიზაბეთ რუდის თქმით, მთლიანობაში ამ დახმარებამ 6.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

„დღეს ჩვენ სამეგრელოში ვზეიმობთ წლევანდელ მოსავალს და ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგებს. ორ წელზე მეტია ამერიკის და საქართველოს მთავრობა თანამშრომლობს მავნებელი მწერების და განსაკუთრებით ფაროსანას საფრთხის შესამცირებლად. ეს პარტნიორობა ნათლად წარმოაჩენს ჩვენს ერთგულებასა და დახმარებას საქართველოს მიმართ, რათა მან თავად შეძლოს საკუთარი ეკონომიკის განვითარება. ბოლო 3 წლის განმავლობაში ფაროსანა საქართველოსთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. ფაროსანამ გაანადგურა მარცვლეული კულტურები მთელ საქართველოში, რამაც მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა ფერმერებსა და მათ ოჯახებს. ფაროსანამ განსაკუთრებით დააზიანა თხილის სექტორი, რასაც ექსპორტის ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, ხედავს რა ჩვენი პარტნიორობის შედეგებს ფაროსანას და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს წარმატება შესაძლებელი გახდა usaid -ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ადგილობრივი ხელისუფლების პარტნიორობით. კერძო კომპანია “ფერორს” მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ამ პარტნიორობაში. ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ფერმერები გაძლიერდნენ და მათ ახლა უკეთესი შესაძლებლობა აქვთ, მოიყვანონ უხვი მოსავალი არა მხოლოდ წელს, არამედ მომავალშიც“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni