საგარეო პოლიტიკა

მითი რუსეთ-თურქეთის დაახლოების შესახებ მითადვე დარჩა

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში რუსეთ-თურქეთის დაახლოებას პერსპექტივა არ აქვს.

“არსებობდა შეხედულება, თითქოს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა იმდენად დაახლოვდა, რომ ისინი სტრატეგიული მოკავშირეები გახდნენ. თუმცა, მაშინაც იყო სერიოზული მოსაზრებები, რომ ეს სწორი არ არის, რაც დღევანდელი შემთხვევით დამტკიცდა, როდესაც თურქული სამხედრო ნაწილები იდლიბის პროვინციაში შევიდა იმისთვის, რომ იქ თავისი სადამკვირვებლო მისიები გაემაგრებინა და ამავე დროს შეეჩერებინა ასადის რეჟიმისა და რუსეთის წინსვლა. რუსეთი ახორციელებს დაბომბვებს. მათ შორის, ბოლო ინფორმაციით, თურქული კოლონის ახლოს დაიბომბა ტერიტორიები, რითაც შეჩერდა მისი წინსვლა და ისახება სერიოზული წინააღმდეგობა სირიის იდლიბის პროვინციაში”,– უთხრა “პირველს” ზურა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ორ ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური ინტერესები აქვს, რის გამოც მათ შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბარი ძალინ ადრეა.

“სრულიად განსხვავებული გრძელვადიანი ინტერესები აქვს ამ ორ ქვეყანას და მათ შორის სტრატეგიულ თამანშრომლობაზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ტაქტიკურ დონეზე თანამშრომლობას, რასაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავდით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა, რუსეთი კი ნატოს მთავარ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს”,–  აღნიშნავს ზურა ბატიაშვილი.

მკვლევარის მოსაზრებით, შექმნილი ვითარება საქართველოსთვის გარკვეულწილად მომგებიანია, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია თურქეთი დასავლური სამხედრო-თავდაცვითი ორგანიზაციების წევრად დარჩეს.

დღეს თურქეთმა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმისა და რუსეთის შეტევების შეჩერების მიზნით, სირიაში, იდლიბის პროვინციაში, სამხედრო ძალები გაგზავნა. 

იდლიბის გასამაგრებლად გაიგზავნა როგორც პროთურქული სირიული ოპოზიციის შეიარაღებული ნაწილები, ისე საკუთრივ თურქეთის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სამხედრო შეტაკეკებს მხარეებს შორის უკვე მოჰყვა მსხვერპლი.

Facebook Comments