მოგზაურობა

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “რაინეარი” საქართველოში ფრენებს იწყებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება და ეტაპობრივად ევროპის 12 ქალაქში იფრენს.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკის სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა მოაწერეს.

ქუთაისიდან ერთი მიმართულების მინიმალური ფასი €10, ხოლო თბილისი-მილანის რეისი €20 იქნება.

„წარმატებით დავასრულეთ საკმაოდ ინტენსიური და რთული მოლაპარაკებები -იწყება პირდაპირი ფრენები ახალი მიმართულებებით როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. შეთანხმებულები ვართ თორმეტ ახალ მიმართულებაზე, მათ შორის არის ევროპის სხვადასხვა მიმზიდველი და საინტერესო ქალაქები, საიდანაც ველოდებით ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია RYANAIR-ი 1984 წელს დაფუძნდა. კომპანიის ავიაპარკი 455 ერთეული ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება, რომელთა მოცულობა 189 მგზავრს შეადგენს. ამ დროისთვის ავიაკომპანია ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის (მოროკო) და შუა აღმოსავლეთის (ისრაელი, ლიბანი და იორდანია) 38 ქვეყნის 1800 მიმართულებით 224 აეროპორტში ოპერირებს.

 2018 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ ჯამურად 139 მილიონი მგზავრი გადაიყვანა და ევროპის ბაზარზე სიდიდით მეორე ავიაკომპანია გახდა.

Facebook Comments