პოლიტიკა

გიგი უგულავას შეუძლია აყვეს შავრაზმელებსა და ნაცებს კუდიანზე ნადირობაში

„ტაბულა”-ში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ გიგი უგულავა და თამარ ჩერგოლეიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. უგულავა ამბობს, რომ თამარ ჩერგოლეიშვილმა შეცდომაში შემყვანი სათაურით  დაამახინჯა მისი ინტერვიუს ფრაგმენტი.

უგულავას თამარ ჩერგოლეიშვილი საკუთარ ფესიბუქგვერდზე გამოეხმაურა.

„სამწუხაროა გიგი უგულავას ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხილვა.

მედიაში მიჩვეულები ვართ, რომ პოლიტიკოსები თავის გაფუჭებულს მედიას აბრალებენ.

არაფერი, საერთოდ არაფერი, იმ ტექსტში ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის – თავადვე ადასტურებს ამას როცა ხელმეორედ მოყავს მოლდოვის მაგალითი.

ხელმეორედ იმეორებს იმ სისულელეს, რომ შეიძლება დადგეს ვითარება, როცა ივანიშვილს 48 პროცენტი აქვს და კრემლი პროდასავლური ოპოზიციის მხარეს დგება.

ამ საკითხს გიგამ გასცა უკვე ძალიან კვალიფიციური პასუხი ინტერვიუში რომელიც ქვემოთ დევს.

თუ ამოცანა რუსული გავლენის შემცირებაა, კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობით ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ამოუხსნელი და გაუგებარია.

სამწუხაროდ ადამიანები ერთ შეცდომას რომ დაუშვებენ, აღიარების ძალა თუ არ ეყოთ, შეცდომების სპირალში შედიან.

ჩემი შეცდომაა, რომ იმ დღესვე არ დაიდო ის ნიუსი. ვიცოდი რომ ევროპულ საქართველოს გიგის განცხადება აზიანებდა და ვიფიქრე, შეუმჩნევლად ჩაივლიდა. ეს სწორი არ არის და ამისთვის ბოდიშს ვიხდი.

საკუთარ პროფესიასთან კომპრომისი პარტიული სიმპატიის გამო, დაუშვებელია.

სამწუხაროდ თავად გიგიმ გააღვიძა თემა, როდესაც კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობა ვისთვისაც მიუღებელია, მათ შეუგნებლები გვიწოდა და რაღაც მორიგი დისკუსია გააჩაღა ერთიანობაზე ისე, რომ არავინ იცოდა ვისთან ერთიანობაზეა საუბარი.

ინფორმაციის ნაკლებობა ადამიანებს არასწორი დასკვნებისკენ უბიძგებს – ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალე ამ ხალხისთვის ამეხსნა რეალურად ვისთან ერთიანობაზე საუბრობს გიგი უგულავა.

მე სიტყვებს ყოველთვის სწორად ვარჩევ, განსხვავებით გიგი უგულავასგან – რუსოფილობა მისთვის არავის დაუბრალებია.

ტაბულამ დაწერა ზუსტად ის, რაც გიგიმ დიანა ტრაპაიძესთან თქვა. სიტყვა სიტყვით.

ბუნებრივია, მე ბევრი სხვა საქმე მაქვს და ტექსტი მე არ გამიშიფრავს – მაგრამ როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე – თუ რომელიმე ერთი სიტყვა ჟურნალისტმა შემთხვევით არასწორად გაიგო, ბოდიშს მოვიხდი (ღარიბაშვილისთვის მომიხდია და გიგი რაღა პრობლემაა).

მაგრამ მაგ ერთი სიტყვით არაფერი იცვლება.

გიგიმ დიანა ტრაპაიძესთან კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოაცხადა.

ნამდვილად მერჩია ამ სამარცხვინო ისტერიკის ატეხვას, ერთი ბოდიში მოეხადა, რომ შეეშალა – თავადაც უფრო ძლიერად გამოჩნდებოდა და პარტიაც.

მაგრამ, არჩევანი მისია!

შეუძლია აყვეს შავრაზმელებს და ნაცებს კუდიანზე ნადირობაში.

ჩემს რწმენას, რომ კრემლისტურ ძალებთან ყოველგვარი თანამშრომლობა მიუღებელია – ეს არ შეარყევს.

რაც შეეხება პარტიაზე და ჩემს პირად გავლენაზე ბოდვას – ამას უკომენტაროდ დავტოვებ.

არაერთხელ გამიცია პასუხი რომ მე არ ვარ პარტიის წევრი და ვერ მექნება ვერანაირი გავლენა, იმიტომ რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ვმონაწილეობ – არ მაქვს ხმა“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

Facebook Comments