უცხოური მედია

ზელენსკი – წარმოიდგინეთ, მეზობელმა შვილები წაგართვათ, პირველი მოიტაცა და ახალი დაბადების მოწმობა მისცა

უკრაინის დამოუკიდებლობის 28-ე წლისთავზე პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართა.

მან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციასთან დაკავშირებით ემოციური პარალელი გაავლო.

“მათ, ვისაც არ ესმის უკრაინის დღევანდელი ტკივილი, მარტივი სიტყვებით განვუმარტავ.

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მეზობელმა ორი შვილი წაგართვათ. პირველი უბრალოდ მოიტაცა და ახალი დაბადების მოწმობა მისცა. შემდეგ გეუბნებიან, იცით, ჩვენ თქვენი შვილი არ წაგვიყვანია. მას თავად უნდოდა ჩვენთან ცხოვრებაო. იმას არ აქვს მნიშვნელობა, რომ მას იარაღი ჰქონდა დამიზნებული. გეუბნებიან, რომ ეს მისი სურვილი იყო და საერთოდ, ვინ გითხრათ, რომ ის თქვენი შვილი იყო, ის ყოველთვის ჩვენი იყოო. მაგრამ არ იდარდოთ, მისთვის აქ ყოფნა უკეთესია. ზღვაზე, მზის ქვეშ მისთვის არაჩვეულებრივი ობოლთა თავშესაფარი გვაქვსო.”

რუსეთის მიერ დონბასის ოკუპაციაზე კი ზელენსკიმ თქვა: “თქვენი მეორე შვილი კი ოთახში გამოკეტეს შეიარაღებულ დაცვასთან ერთად. მერე გეუბნებიან, რა დაცვა? იქ არავინააო. შენ კი აქ, კედელთან დგახარ, გესმის, რომ შენი პატარა ტირის, მაგრამ მასთან ვერ შედიხარ.”

ზელენსკის თქმით, ეს ვითარება უკრაინელებს ყოველდღე უკლავს გულს. “ნებისმიერი გამარჯვება და ნებისმიერი წარმატება არასრულია იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახი ერთად არაა. მაგრამ, მოვა დღე და ჩვენ ყველა ნამდვილად შევიკრიბებით,” თქვა პრეზიდენტმა.

Facebook Comments
თეგები