ეკონომიკა უცხოური მედია

ინგლისის ბანკის პრეზიდენტი – მსოფლიოში ახალი ვალუტა უნდა შეიქმნას

ინგლისის ბანკის ხელმძღვანელი მარკ კარნი მიიჩნევს, რომ მსოფლიო ეკონომიკა ზედმეტად არის დამოკიდებული დოლარის კურსზე და ამიტომ, ახალი სარეზერვო ვალუტის შექმნაა საჭირო. ამის შესახებ ბანკირმა აშშ-ში, სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, დოლარს მსოფლიო ეკონომიკაში დესტაბილიზაცია შემოაქვს. ბიზნესშეთანხმებების ნახევარზე მეტ შემთხვევებში სწორედ ამერიკულ დოლარს იყენებენ, რაც 5-ჯერ მეტია, ვიდრე აშშ-ს წილი საქონლის მსოფლიო იმპორტში. ამის გამო, სხვა ქვეყნები ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობაზე არიან დამოკიდებულნი.

კარნიმ აღნიშნა, რომ ფინანსურ სისტემებში პრობლემები პოპულიზმსია და პროტექციონიზმის წახალისებას ახდენს, მისი თქმით, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ შეიქმნება „დივერსიფიცირებული, მრავალპოლარული ფინანსური სისტემა“, რასაც დოლარის დომინანტური როლის შემცირება შეუძლია.  

Reuters-ის ინფორმაციით, კარნი მსოფლიო სავალუტო ფონდის პრეზიდენტის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო კრისტინ ლაგარდის ნაცვლად, მაგრამ მას ევროპის ქვეყნების უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა.

Facebook Comments
თეგები