განათლება

28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ისაუბრა.

მისი თქმით, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.ge დღეიდან შეუძლიათ.

“2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 28 740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. მე ვულოცავ თითოეულს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71%-ია ჩარიცხული, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა კი მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი – 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა. ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული. ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია აბიტურიენტებს, რომ შეუზღუდავად შეეძლოთ მათ პროგრამების არჩევა, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. ამის შედეგადაც მოხდა ასე, რომ ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერსად ჩაირიცხნენ. რაც შეეხება აპელაციებს, დაახლოებით აპლიკანტთა 2%-მა შემოიტანა აპელაციის განაცხადი და მათგან 648 აპლიკანტს შეეცვალა შეფასება”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე 2019 წელს 1335 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

“ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, არ ნიშნავს ჩარიცხვას, არამედ ეს არის მხოლოდ ჩარიცხვის უფლების მოპოვება, ჩარიცხვის წინაპირობა. აბიტურიენტები აუცილებლად უნდა მიბრძანდნენ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც ჩაირიცხნენ, დადგენილ ვადებში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ჩარიცხულად. ამას ხაზს ვუსვამთ, რადგან ყოფილა შემთხვევები, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ აბიტურიენტი ფიქრობს, რომ ის ავტომატურადაა ჩარიცხული სასწავლებელში, თუმცა სწავლის დაწყების დროს აღმოაჩენს, რომ ჩარიცხული არ არის”, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000 აპლიკანტი. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება.

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა უპირატესობა ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და დიპლომირებული მედიკოსის მიმართულებებს მიანიჭა.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni