სოციალური ქსელები და მედია

როგორ ესმოდათ „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს სიტყვის თავისუფლება და რის უფლებას მოითხოვდნენ ისინი

რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა არ ისურვეს ახალ მფლობელთან დარჩენა და ტელევიზიიდან წავიდნენ, მათ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ არ უნდოდათ ცენზურის ქვეშ მუშაობა. მათი აზრით, სიტყვის თავისუფლებას საფრთხე შეექმნა. როგორ ესმოდათ ამ ტელეკომპანიაში სიტყვის თავისუფლება და რის უფლებას მოითხოვდნენ ისინი,- აღნიშნულის მაგალითად postv-მ რუსთავი2-ის ყოფილი ჟურნალისტის მიერ, აბასთუმანზე გადაღებულ სიუჟეტი მოიყვანა. postv-მ დეტალურად განიხილა რუსთავი2-ის მიერ აბასთუმანში გადაღებული მასალა, სადაც ჟურნალისტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო, აბასთუმნის უნიკალური ბუნება ნადგურდება.

რ2-ის ჟურნალისტი  არ დაინტერესებულა არც ქველმოქმედებით და არც ძველი, სავალალო პირას მყოფი შენობების რეაბილიტაციის პროექტებით, თანამედროვე ამბულატორიით, ახალი სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი ცენტრითა და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობით. სიუჟეტში ნათქვამია, რომ „ოლიგარქის ახირებით, მთა მოიჭრა“ და ადგილობრივებს წყლის პრობლემა შეექმნათ. 

თუმცა, postv-ს გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომუნიკაციაა ტყის ხანძრის შემთხვევებისთვის. და არსად ჩანს კვალი, რომ მთა, ან კლდე მოიჭრა. ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ წყლის მილის დაზიანება მშენებლობებს არ უკავშირდება და მალე კეთილმოწყობილ ბინებში გადავლენ საცხოვრებლად, კორპუსში, რომელიც სპეციალურად მათთვის შენდება. 

აბასთუმნის ახალი ფილტვის ცენტრი 100 პაციენტს მოემსახურება, ბენეფიციარების იქ ყოფნის ხარჯებს კი, სახელმწიფო გაიღებს.

„ბიძინა ივანიშვილის მიერ ამერიკიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოტანილ იქნა უნიკალური ხეები და გაშენდა უნიკალური ტყეები. ხომ არ შეიძლება, რომანოვების დარგული ფიჭვების ამარა ყოფილიყო აბასთუმანი დღემდე“,-ამბობს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა ავალიანი. 

რუსთავი2-ის სიუჟეტიდან კი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ აბასთუმნის მაცხოვრებლები არსებული სიტუაციით უკმაყოფილონი არიან. მშენებლობის მასშტაბები აშინებთ და მიაჩნიათ, რომ ერთ დღეს აქ ყველაფერი ივანიშვილის საკუთრება გახდება და მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილებასაც ვეღარ შეძლებს. 

ადგილობრივების თქმით რეალობა სრულიად განსხვავებულია და რეაბილიტაციის დაწყებამ აბასთუმანი გამოაცოცხლა და ხალხს ხალისი გაუჩნდა.

„მე აქ დავიბადე და 65 წელია აქ ვცხოვრობ, ასეთი რამე აქ ჯერ არ მომხდარა, იქნება კომფორტი, სისუფთავე, სილამაზე და ყველაფერი“, „აბასთუმნელებისთვის ეს ძალიან კარგია, რაც თავი მახსოვს, აქ რეაბილიტაცია არ ჩატარებულა“, „რაც განაშენიანების გეგმაშია მითითებული, ის თუ გაკეთდა, აქაური მაცხოვრებლები ამოისუნთქებენ“. „30 წელია, აქ არავის შემოუხედავს, ახლა კი ყველაფერი უნიკალურად კეთდება“,-აცხადებენ ადგილობრივები.  

ამ ერთი მცირე მაგალითიდანაც ჩანს, რომ რუსთავი2-ელებს სიტყვის თავისუფლება ესმოდათ, როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით პოლიტიკური ბრძოლის წარმართვაზე უფლება,-ნათქვამია postv-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში. 

Facebook Comments