განათლება

აბიტურიენტების ნაწილი განათლების სამინისტროს უჩივლებს

აბიტურიენტების ნაწილი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. ახალგაზრდებს დახმარებას პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი გაუწევს.

კახა კუკავას განცხადებით, ზოგადი უნარების ტესტი არ ასახავს აბიტურიენტის ცოდნას ობიექტურად. “თავისუფალი საქართველო” განათლების სამინისტროს მიმართავს, კანონის ფარგლებში განიხილოს იმ აბიტურიენტთა შუამდგომლობა, რომელთაც ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით პრეტენზია აქვთ. 

31 ივლისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების გამოცდის სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა. ანალიზის მიხედვით, ზოგადი უნარების ტესტში 80 ქულიდან ყველაზე მაღალი ქულა – 79 ორმა აბიტურიენტმა მე-3 და მე-4 ვარიანტებში მიიღო.  

ზოგადი უნარების ოთხივე ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 87,1%-მა, შესაბამისად, კონკურსს გამოცდაზე გასული აბიტურიენტების 12,9% გამოეთიშა. 

ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა (13,73%) ტესტის პირველ ვარიანტში ვერ გადალახა ზღვარი. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – გამსვლელი ქულა I და III ვარიანტებში – 22 ქულა, II და IV ვარიანტში კი 24 ქულა იყო.

Facebook Comments