ხელოვნება და კულტურა

საქართველოში „ფორსაჟის“ ეპიზოდებს ვერტმფრენიდანაც გადაიღებენ

საქართველოში, ჰოლივუდის ცნობილი ფილმის, „ფორსაჟის“ მორიგ ეპიზოდებს უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენითაც გადაიღებენ, – ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, ფილმს ბელგიური ავიაკომპანია „Heli and Co SA“-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით გადაიღებენ. 

ასაფრენ-დასაფრენი მოედანი და საფრენი ლოკაციები სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისა და სპეციალისტების მიერ შემოწმებულია. 

აგვისტოს დასაწყისიდან ამავე ფილმს ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი 8 ერთეული უპილოტო საჰაერო ხომალდი იღებს. 

თბილისში ჰოლივუდური ბლოკბასტერის „ფორსაჟი 9“ გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო. დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. უკვე გადაიკეტა ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილი – მეტროს სადგურ „სამედიცინო უნივერსიტეტიდან“ სადგურამდე „დელისი“. 27 აგვისტომდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოვლითი გზით მოძრაობდა. 

„ფორსაჟი 9“-ის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსეროკომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures−ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება.

Facebook Comments