რელიგია

ილია მეორე: ოჯახი არის ეროვნული ფასეულობა

„არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა. ეს არის ოჯახის ფასეულობა“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ილია მეორემ მრევლს მეუღლეთა მფარველი წმინდანების – ადრიანეს და ნატალიას ხსენების დღე მიულოცა და მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„გილოცავთ ადრიანე და ნატალიას დღესასწაულს. მრავალი თქვენგანი ატარებს ნატალიას სახელს, ვულოცავ ანგელოზის დღეს. მე მინდა, ორიოდე სიტყვით გაგახსენოთ, რომ არის ფასეულობანი, რომელიც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ეს არის ეროვნული ფასეულობა. ეს არის ოჯახის ფასეულობა. ამ დღეებში ჩვენთან ჩამოსული იყო უნგრეთის პრეზიდენტი, თქვენ იცით. მას აქვს გამოცხადებული 2020 წელი ოჯახის ფასეულობათა წლად. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამის შესახებ. მე არაერთხელ გაგახსენეთ თქვენ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის დალოცვა და მშობლების ლოცვა-კურთხევა არის ღვთის ლოცვა-კურთხევა. როცა ხვდებით თქვენს მშობლებს, უნდა სთხოვოთ ლოცვა-კურთხევა – დამლოცე დედაო, დამლოცე მამაო. ბიბლიაში წერია: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.” ამას შეგახსენებთ იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, გახარებული იყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერი ოჯახი მოგცეთ ღმერთმა,”- განაცხადა ილია მეორემ. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni