სამართალი

პარლამენტის წინ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარლამენტთან „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატ ემზარ კვიციანისა და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტების მონაწილეობით ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ემზარ კვიციანი „სირცხვილიას“ აქტივისტებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუპირისპირდა. შენობიდან გამოსულ კვიციანს აქტივისტებმა „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს, მან კი აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კვიციანი ინციდენტის ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა.

Facebook Comments