სამართალი

30 სექტემბერს ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილის და კახა დამენიას სასამართლო პროცესი გაიმართება

სამივე ბრალდებულის – ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილის და კახა დამენიას სასამართლო პროცესი 30 სექტემბერს ერთად იქნება, – ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებული „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით განაცხადა.

პროკურორის თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებულია.

“სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულ ზურაბ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 50 000-ლარის ოდენობით და ამავე დროს, მას აეკრძალა საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. მიგვაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და სწორედ აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება უზრუნველყოფდა ბრალდებულის სათანადო ქცევას. ეს არის ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც არის სამი ბრალდებული და სამივე ბრალდებულის – ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილის და კახა დამენიას სასამართლო პროცესი იქნება ერთად, 2019 წლის 30 სექტემბერს, 14:00 საათზე”, – განაცხადა პროკურორმა.

გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი წაუყენა.

Facebook Comments
თეგები