უცხოური მედია

WHO: მსოფლიოში სუიციდი ყოველ 40 წამში ერთ ადამიანს კლავს

მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი თავს იკლავს, ამასთან ყოველწლიურად სუიციდით გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ომში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩამოხრჩობა, მოწამვლა, სროლა თვითმკვლელობის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს თვითმკვლელობის პრევენციასთან დაკავშირებით გეგმები შეიმუშაონ და დაეხმარონ ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში, ასევე შეამცირონ ისეთ საშუალებებზე წვდომა, რომელთა დახმარებითაც სუიციდია შესაძლებელი. 

15-დან 29 წლამდე ადამიანებში სიკვდილის პირველი მიზეზი ავტოავარიები და გზებზე მიღებული დაზიანებებია, მეორე ადგილს კი სუიციდი იკავებს. 

15-დან 19 წლამდე თინეიჯერ გოგოებში კი სუიციდი სიკვდილის მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს მშობიარობის შედეგად გარდაცვალება იკავებს. რაც შეეხება თინეიჯერ ბიჭებს, მათ შორის სიკვდილის პირველი ორი მიზეზი გზებზე მიღებული დაზიანებები და ჩხუბია, ხოლო მესამე ადგილს სუიციდი იკავებს. 

ყოველწლიურად მსოფლიოში თვითმკვლელობით სიცოცხლეს დაახლოებით 800 000 ადამიანი ასრულებს – გაცილებით მეტი ვიდრე წლიურად მალარიის, მკერდის კიბოს ან ომის შედეგად იღუპება. 

Facebook Comments