პოლიტიკა

ამაზრზენია, როცა პარლამენტის ვიცე-სპიკერს აზრის გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ და ფიზიკურადაც კი ეხებიან

ის პოლიტიკური ძალა და მათი პატრონები, ასე ვთქვათ, დასავლელი პატრონები დემოკრატიაზე დებენ თავს და როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოდის, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს, არა მხოლოდ არ აძლევენ ამის უფლებას, არამედ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, გიორგი ლომიამ განაცხადა.

დეპუტატი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება ისე მიმართოს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, როგორც ირმა ინაშვილს მიმართეს.

„რაც დღეს სასტუმრო „რუმსში“ მოხდა, საერთოდ ამაზრზენია, მარაზმთან გვაქვს საქმე. ვიცე-სპიკერი მიდის, უნდა, დაესწროს კონფერენციას და სიტყვით გამოვიდეს. დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ ხო? ის პოლიტიკური ძალა და მათი პატრონები, ასე ვთქვათ, დასავლელი პატრონები, რომელთაც მოაწყვეს „რუმსში“ ეს პრესკონფერენცია, დემოკრატიაზე დებენ თავს, რომ დემოკრატიულად აზროვნებენ, როდესაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი მოდის, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს, არა დედა აგინოს ან ჩაუშალოს კონფერენცია, არამედ კონსტრუქციული აზრი გამოხატოს, მას არა მხოლოდ არ აძლევენ ამის უფლებას, არამედ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ფიზიკურად ეხებიან და აგდებენ. „ვინა ხარ შენ“ – რა უფლება აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს ასე მიმართოს ჩვენი ქვეყნის ვიცე-სპიკერს. მართლა კოლონია ხომ არ ვართ, 51-ე შტატი ხომ არ ვართ? ქართველები ვართ ხალხო და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია“, – განაცხადა ლომიამ.

ამასთან, მისი თქმით, კანონში მკაფიოდ უნდა გაიწეროს, რა არის შეურაცხყოფა და რა სიტყვის თავისუფლება.

„გეუბნებით, რომ კანონში ცვლილებებია შესატანი, სადაც მკაფიოდ უნდა გაიწეროს, რა არის შეურაცხყოფა და რა არის სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ლომიამ.

Facebook Comments
თეგები