საზოგადოება

კალაძე: ხაზარაძე ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, როგორიც აქამდე ბევრი გვინახავს

ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, არის ერთკაციანი, არის სამკაციანი პარტიები, ერთი მხრივ კარგია, თუმცა ასევე ცუდია, რადგან პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე, ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გეგმას. 

„პოლიტიკური მოვლენების, პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უამრავი პარტია, არის ერთკაციანი, არის სამკაციანი პარტიები, ერთი მხრივ კარგია, თუმცა ასევე ცუდია, რადგან პარტიის არსებობას ხშირად აქილიკებენ ხოლმე. თუმცა მათი არსებობა არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

მე ამას დავუკავშირებ იმ ცვლილებას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თუ მოსახლეობის მხარდაჭერა ექნება მოხვდეს 2020 წლის პარლამენტში. ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, წარსულს, აწმყოს და რას ჰპირდები მომავალში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია აღვიქვამთ კონკურენტად, მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი განსაკუთრებულად. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, როგორიც აქამდე ბევრი გვინახავს“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ჭონქაძის ქუჩაზე ვილნიუსის სკვერის გახსნის შემდეგ. 

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში გააკეტებენ. უკვე ცნობილია, რომ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება. 

Facebook Comments