პოლიტიკა

მაკკეინის ფონდმა თბილისში ფორუმი უჩინარი და უზარმაზარი დაფინანსების მქონე არასამთავრობოს მეშვეობით გამართა

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე თბილისში, სასტუმრო „რუმსში“, საერთაშორისო ფორუმზე მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ნატოში აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე?

მაკკეინის ფონდმა ერთ–ერთი საკმაოდ უჩინარი და უზარმაზარი დაფინანსების მქონე არასამთავრობოს მეშვეობით თბილისში ფორუმი გამართა.

რომ არ იყვნენ ფორუმზე ქვეყნის ახალი პოლიტიკური ლიდერი და პრემიერი გახარია, თავდაცვის ახალი მინისტრი ღარიბაშვილი, ნიშანდობლივია – ფორუმის ორგანიზატორებისთვის ისინი მიუღებლები არიან.

მაგრამ, რატომ ესწრებოდნენ ფორუმს მხოლოდ „ნაციონალების“ მართვადი და მართული (წარსულში და დღეს ინერციით) NGO-ების წარმომადგენლები, გაუგებარია. მათი ნაწილი უდაოდ კვალიფიციური ანალიტიკოსია, მაგრამ რატომ მხოლოდ ისინი?

და რატომ არა – რამაზ საყვარელიძე, გია ხუხაშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, ვახტანგ ძაბირაძე, სოსო ცინცაძე, ზაზა ფირალიშვილი, ალექსანდრე თვალჭრელიძე, ვახტანგ მაისაია და კიდევ ბევრი სხვა, აბსოლუტურად გაუგებარია და ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის ყოვლად უსუსურ და უშედეგო მცდელობად აღიქმება.

ვინმეს არ ეგონოს, ამას იმიტომ ვამბობ, აქაოდა მე რატომ არ მიმიწვიესო. არა. მე არ მაქვს ისეთი მჟღერი რეგალიები და, რაც მთავარია, პრეტენზია, ვიყო მიწვეული მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმებზე. ამას გულწრფელად ვამბობ. მაგრამ საქმეს წაადგებოდა ამ ფორუმზე ქართული საზოგადოების ის ნაწილიც ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელსაც მეტ–ნაკლებად აქვს უფლება მსგავს დისკუსიებში ქართველი ხალხის სახელით მიიღოს მონაწილეობა.

თუ თქვენ არ ელაპარაკებით რამაზ საყვარელიძეს, ზაზა ფირალიშვილს, გია ხუხაშვილს, იძულებული გახდებით დაელაპარაკოთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობა ისე არ ფიქრობს, როგორც ნაცმოძრაობის ხელისუფლების დაკარგვის მერე „ენჯიო“ სექტორში გადაბარგებული აქტივი, მსუყე გრანტებით ნაკვები. ღმერთმა შეარგოთ! მაგრამ „არა პრორუსულ ნარატივს“ არ ნიშნავს არას ქართველი ხალხის ინტერესებისა და შეხედულებების გამომხატველი ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის. მათ მიერ იარლიყების მიწებებას და, ამავე დროს, რუსული საქმის კეთებას ყავლი გაუვიდა.

ახლა მთავარი – გავლენიანმა დასავლეთელმა თანამდებობის პირებმა და ინტელექტუალებმა ამჯერად პირუთვნელად და პირდაპირ გვითხრეს – თუ გინდათ ნატოში შესვლა, ეს რეალურია მხოლოდ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე. დავუშვათ გვინდა. მაშინ, ამ ეტაპზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარი უნდა ვთქვათ. აქ გერმანიის მაგალითის მოტანა, რასაც ფორუმის უცხოელი მონაწილეები ხაზს უსვამდნენ, უადგილო ჩანს. დიდი განსხვავებაა ამ ორ ქეისს შორის. გერმანია და გერმანელი ხალხი ქვეყნის გაერთიანებას 45 წელი ელოდა, ოკუპირებულ აღმოსავლეთ გერმანიაში გერმანული სახელმწიფო ჩამოყალიბდა (გდრ) და მისი მოსახლეობაც გერმანული იყო. ხოლო თუ ჩვენ იგივეს დაველოდებით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ, სადაც ფაქტობრივად ეთნოწმენდაა ჩატარებული, 45–50 წლის შემდეგ რაღას დავიბრუნებთ? ამას, გაითვალისწინეთ, ქართველი ხალხი (მისი უმრავლესობა) მხარს არ უჭერს და არც დაუჭერს. პირადად მე ასეთი ვარიანტის განხილვა შესაძლებლად მიმაჩნია და გარკვეული, მკაფიო დათქმით, მხარს დავუჭერდი საქართველოს გაწევრიანებას ნატოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, შესაბამის დოკუმენტში მკაფიო დათქმით, რომ ალიანსი (ნატო და მისი ყველა წევრი) აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და „მეხუთე პუნქტს“ აჩერებს საქართველოს დროებით ოკუპირებულ ორ რეგიონთან (აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“) მიმართებაში. მაგრამ ამას, ასეთ მიდგომას ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება, რაც სადღეისოდ არ არსებობს.

რაც შეეხება ამ საკითხზე საერთო ეროვნულ დისკუსიას, რომელიც უოლკერმა, რასმუსენმა, და სხვებმა შემოგვთავაზეს, დასაფიქრებელი იდეაა, მაგრამ ყველა ვარიანტში დავა ორ მტრულ ბანაკად („პრორუსები“ და „პროდასავლელები“) ჩვენი საზოგადოების გახლეჩამდე და ახალ კონფრონტაციამდე მივა. ამდენად, ასეთ საკითხებზე ღია და საყოველთაო დისკუსიამდე სჯობს პრობლემის არსი და შესაძლო შედეგები პოლიტიკურმა სპექტრმა და ანალიტიკოსებმა მშვიდ და სამუშაო ვითარებაში გაარკვიონ.

ასე რომ, მაღალი რანგის სტუმრები ამჯერად საქართველოში საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს მოულოდნელი შემოთავაზებით ჩამოვიდნენ. ფაქტობრივად, ეს გზავნილია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ თუ მისი ხელისუფლება ამ გზავნილს არ დათანხმდება, ამას აშშ–ში ნაციონალების ცალსახად მხარდამჭერი ჯგუფი სწორედ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოყვანის შემდეგ, მათი მეშვეობით გააკეთებს.

ამ გზავნილზე კი, ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიფიქროთ და კარგად გავიაზროთ საკეთებელი საქმე“,-წერს ვაჟა ბერიძე.

Facebook Comments