პოლიტიკა

საერთაშორისო კონფერენციაზე ირმა ინაშვილსა და დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა

თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე დაპირისპირება მოხდა.

ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელსაც სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ამასთან, „ობიექტივის“ ჟურნალისტი აპროტესტებდა, რომ კონფერენციაზე არ მისცეს უფლება, კითხვა დაესვა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან მივიდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, რომელმაც ჟურნალისტებს და ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

ინაშვილის თქმით, გუშინ კონფერენციაზე მთელი დღის განმავლობაში „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ იყო საუბარი.

„გუშინ ჩვენზე იყო საუბარი მთელი დღის მანძილზე. ბრალს გვდებდნენ, ცილს გვწამებდნენ. მოვედი აქ, რომ მომესმინა და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენება წამეკითხა. ხომ არ შეიძლება შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კრამერის თქმით კი,, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, კონფერენციაზე დასწრება ყველას შეუძლია.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაესწროს ამ კონფერენციას. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ რეგისტრაციაა. ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები, შეგიძლიათ, მიიღოთ მონაწილეობა. თუმცა კონფერენციაზე შეჭრა გულწრფელად, რომ ვთქვა უხეშობაა. ვიმედოვნებ, ახლა ყველა დამშვიდდება და განვაგრძობთ იქიდან, სადაც შევჩერდით“, – აღნიშნა კრამერმა.

Facebook Comments