მეცნიერება

ფარავნის ტბასთან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს

ფარავნის ტბის მიმდებარედ, შუა ბრინჯაოს პერიოდის ყორღანის არქეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს. სამუშაოებს კუტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახორციელებს.

ყორღანი ძველი წელთაღრიცხვის XV-XIV საუკუნეებით თარიღდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტთა საექსპედიციო მოძრაობა“ ასრულებს.

ხელშეკრულება 30 აგვისტოს დაიდო და 2020 წლის 31 იანვარს დასრულდება. 

დაგეგმილია შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები: 

• ჰუმუსის მოხსნა;
• მიწის სამუშაოები პრეპარაციით; 
• სარიტუალო გზის გასუფთავება; 
• ქვაყრილის ნაწილის მოხსნა;
• არქიტექტურული ნახაზების შედგენა;
• მოპოვებული მასალის ფოტოფიქსაცია, ჩახატვა, ჩახაზვა, ფოტოგრამმეტრიული დამუშავება;
• სადაზვერვო შურფების გასაჭრელად ჰუმუსის მოხსნა.

„ამ ტერიტორიაზე ქვის ხანიდან დაწყებული შუა საუკუნეების ჩათვლით სხვადასხვა პერიოდის ნამოსახლარები, სამაროვნები, ციხეები, ეკლესია-მონასტრები და სხვა სახის კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლია დამოწმებული“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტებში.

აქვე განმარტებულია, რომ ფარავნის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლა, მხარის ისტორიულ-გეოგრაფიული სურათის აღსადგენად და პალეო გარემოს კვლევის კუთხით მნიშვნელოვანია: „ყორღანული სამარხის შესწავლა მოგვცემს საშუალებას, ვცადოთ ბრინჯაოს ხანის პერიოდის ადამიანის საცხოვრებელი გარემოს რეკონსტრუქცია და დავადგინოთ მათი განსახლების არეალი“, – განმარტებულია არქეოლოგიური შესწავლის მოკლე ისტორიაში.

Facebook Comments