პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა. მოძრაობის სახელწოდებაა „ლელო“.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მეგობრებთან ერთად შექმნა 10 ათასი სამუშაო ადგილი, ქვეყანაში შემოიტანა მილიარდობით პირდაპირი ინვესტიცია, გადაიხადეს და იხდიან ასეულობით მილიონი ლარის გადასახადს ბიუჯეტში და ეს შექმნეს „იმ რთულ ვითარებაში, რასაც ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი ჰქვია“.

“ჩვენ ეს შევძელით, თქვენ ეს შეძელით თქვენს წარმატებულ კომპანიებში. აქ არიან ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროს. აქ ვართ ისინი, ვინც მივხვდით, რომ ცალცალკე ვერ წავალთ წინ… ეს ადამიანები ჩვენ გარშემო არიან.  რატომ მე და თქვენ? – ეს მთავარი კითხვაა და მე ეს დავუსვი ჩემ თავს. როგორც რეზო თაბუკაშვილი ამბობდა, ყველაზე დიდი პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი. ჩვენ არავის ვეჯიბრებით სამშობლოს სიყვარულში… ჩვენ სანთლით უნდა ვეძებოთ ის ადამიანები, რომლებმაც წარმატების ფორმულა იციან თავიანთ სფეროებში. იმიტომ, რომ  მივხვდი გაიზარდა ნაპირი ადამიანებს შორის, სხვადასხვა მიზეზის გამო – არასწორი პოლიტიკის, ჯანდაცვის სისტემის, განათლების გამო. ჩვენ აქეთ აღმოვჩნდით და არიან ადამიანები, რომლებიც იმედგაცრუებულები არიან. შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ ჩინოსნებს, რომლებმაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს და გავახილე თვალი – მე მინდა ახლა საქმე გავაკეთო ყველასთვის, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, პერსპექტივა ადამიანებისთვის და ნიადაგი ნიჭიერი ხალხისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. მათ დაბრუნების საშუალება უნდა მივცეთ. პირველი ნიშანი გამარჯვების იქნება, როცა ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას.

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს – ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია და არა რომელიმე სახელის პარტია. ეს იქნება ჰორიზონტალური პარტია, მწყობრად აწყობილი და შედეგზე ორიენტირებული. ვიცი, რომ პოლიტიკაში კონკრეტული მიზნები და თარიღები არ უნდა დასახო, მაგრამ ჩვენ პირიქით გავაკეთებთ  და ქვეყანა გამოვა ამ მენტალური ჭაობიდან, ან დავრჩებით.

ჩვენ მოვძებნით 12-12 ლიდერს ყველა სფეროში. ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება გუნდურობის, მიზნების მიღწევის, სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი და ამ მოძრაობს ერქმევა “ლელო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

Facebook Comments