პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: მოვძებნით 12 ლიდერს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის და მისი ახლად დაფუძნებული მოძრაობა ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში. ამის შესახებ მან ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა. 

„მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია – 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო, 12 კაც ლიდერს და 12 ქალს ლიდერს რაიონში, რადგან ეს ქვეყანა ვიღაც მესიის და ერთი კაცის გადასარჩენი კი არ არის, თითოეულის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს“, – თქვა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლაში ილია ჭავჭავაძეც ახსენა და აღნიშნა, რომ 112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძის მკვლელობა და დღეს, 12 სექტემბერს მისი მოძრაობის პრეზენტაცია დამთხვევაა.

„112 წლის წინ 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ეს დამთხვევაა, დამერწმუნეთ. დღესაც 12 რიცხვია. ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ინჟინერს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, რომ ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება პარტიის დაფუძნებას, როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ის და ბადრი ჯაფარიძე პარტიას ოქტომბერში დააფუძნებენ. 

Facebook Comments