საზოგადოება

ჩალაგაშვილი: გურამ დონაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელების განცხადებით, გურამ დონაძეს, რომელიც „მატროსოვის ციხეში“ იხდის სასჯელს, გათავისუფლების სანაცვლოდ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას სთავაზობდნენ. ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გურამ ჩალაგაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო თვეებია, ივანიშვილის ბრძანებით, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის, მამუკა ვასაძის ხელმძღვანელობით, შექმნილია პროკურორთა ჯგუფი, რომელმაც ოქრუაშვილისადმი წაყენებული უსუსური ბრალდების გასამყარებლად, 12 წლის წინანდელი საქმეები ქექა, რათა ახალი ბრალდებები წაეყენებინათ მის წინააღმდეგ. მათ შორის რობაქიძის საქმეზე „მატროსოვის ციხეში“ მყოფ გურამ დონაძეს, გათავისუფლების სანაცვლოდ სთავაზობდნენ ცრუ ჩვენების მიცემას ოქრუაშვილის წინააღმდეგ. სასურველი შედეგის ვერმიღების შედეგად, პროკურატურა „გავრილოვის ღამეს“ დაპატიმრებული ბიჭების დაშანტაჟებაზე გადავიდა“, – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

მისი თქმით, პარტიის წევრებს აქვთ ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანზე ზეწოლა მიმდინარეობს, რათა თავისუფლების სანაცვლოდ მისცენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება.

თანაპარტიელებმა ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მათ გადაწყვიტეს სასამართლოს გირაოს სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შესთავაზონ, რათა ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს. 

„ასეთი თანხის გირაო დღემდე მხოლოდ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და ავთო წერეთლის მიმართ იქნა გამოყენებული და ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ ეს თანხა. ეს ყველაფერი მოხდება 19 სექტემბერს და თქვენ ყველა დაინახავთ, რომ რომ ივანიშვილს ოქრუაშვილი მხოლოდ ციხეში სჭირდება და არც ამ თანხის გირაოს სანაცვლოდ არ აპირებს მის გათავისუფლებას“, – თქვა ჩალაგაშვილმა. 

Facebook Comments