საზოგადოება

მელია: ეს პროკურატურა არ არის, თადუმაძეებში ვარ მოსული

ნიკა მელია პროკურატურაში მივიდა. მას საქართველოს გენერალური პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევას ედავება. საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიერ ტელეკომპანია „კავკასიაში“ მისვლას ეხება.

პროკურატურის განმარტებით, თუ მელია კიდევ დაარღვევს აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთ პირობას, კერძოდ, თუ საცხოვრებელ ადგილს პროკურატურის გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე დატოვებს, მის მიმართ შესაძლოა უფრო მკაცრი ღონისძიება გამოიყენონ. ასევე, მას საზოგადოებრივ ადგილებში საჯარო განცხადებების გაკეთება ეკრძალება. 

ნიკა მელიას განცხადებით კი, მას როგორც დეპუტატს, უფლება აქვს საჯარო განცხადებები გააკეთოს, ან ამომრჩეველს შეხვდეს. შესაბამისად, ის არ ფიქრობს, რომ რამე დაარღვია და სხვა ტელევიზიებში მისვლას კვლავ აპირებს. 

„ეს პროკურატურა არ არის, თადუმაძეებში ვარ მოსული“, – აღნიშნა მან.

დეპუტატმა უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა.

ნიკა მელიას დღეს, 13 სექტემბერს, პროკურატურაში მის მიმართ წაყენებული ბრალი და პირობები კიდევ ერთხელ გააცნეს. ასევე, მას გამაფრთხილებელ ოქმზე მოაწერინეს ხელი.

Facebook Comments