პოლიტიკა

ბოკერია: „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ მათი ამოცანაა რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ მათი ამოცანაა რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს. ამ საკითხზე კომენტარი ბოკერიამ პარლამენტში გააკეთა.

„ივანიშვილის გუნდისგან გამჭვირვალობის ახალ დონეზე გავედით, რომ არ ცდილობენ რუსეთს რამე საერთაშორისო ტკივილი ჰქონდეს. ღიად გამოაცხადეს მძევლებად ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ. პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ არაფერს ვიზამთ, რადგან მერე იმ ხალხს ატკენენო. ღიად აცხადებენ, რომ მათი ამოცანა არ არის რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე რამე პრობლემა შეუქმნან. ომზე კი არ არის საუბარი, არა! ტკივილიც არ უნდა შეუქმნან“, – განაცხადა ბოკერიამ. 

დეპუტატ სერგი კაპანაძის შეფასებით კი, „ქართული ოცნება“ პრორუსულ განწყობებს აღარც მალავს. „ეს დადგენილება ძალიან მარტივი ტესტია იმაზე, ვის რა პოზიცია უკავია პარლამენტში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

მისივე თქმით, 20 ივნისის მერე არავის ეპარება ეჭვი „ქართული ოცნების“ პრორუსულ განწყობებში. „თუმცა, ჩვენი დადგენილება იმდენად საღი აზრის ფარგლებშია და იმდენად ყველასათვის მისაღები ფორმულირებებია, რომ სრულიად წარმოუდგენელია, საქართველოს პატრიოტმა ადამიანმა მის წინააღმდეგ მისცეს ხმა“, – თქვა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ისინი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის შესახებ სპეციალური დადგენილების მიღებაზე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს დაუჭერენ. 

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა გულისხმობს:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“ქართული ოცნება” “ევროპული საქართველოს” ინიციატივას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს, მხარს არ დაუჭერს.  მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქვეყნის გამთლიანება მხოლოდ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. მმართველი პარტიის დღევანდელ განცხადებას “ევროპულ საქართველოში” ლუსტრაციად აფასებენ.

Facebook Comments