სელებრითები

გია აბაშიძე: კომპანია “მერიდიანის” უკან რუსი ოლიგარქები დგანან

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, “ანაკლიის პორტის” ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორი კომპანია “მერიდიანის” უკან რუსი ოლიგარქები დგანან, რაც დაუშვებელია.

ამის შესახებ გია აბაშიძემ “კვირას” პრეს–კლუბში პარასკევს, 20 სექტემბერს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გია აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქმე ეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ბრიტანული კომპანია „მერიდიან კაპიტალია“, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უარით გაისტუმრა. აბაშიძის თქმით, ამ კომპანიის უკან ყაზახი ინვესტორები დგანან და მათ შორის ერთ-ერთი რუსეთის ტულის ოლქის გუბერნატორთან თანამშრომლობს, ასევე პუტინთან დაახლოებული პირია. ანალიტიკოსი მთავრობას ამ კომპანიის საკითხის საფუძვლიანად მოკვლევას სთხოვს:

„მერიდიან კაპიტალ ლიმიტედი“ არის საერთაშორისო კომპანია. უმეტესწილად მისი დამფუძნებლები არიან ყაზახი ბიზნესმენები. ერთ-ერთი დამფუძნებელი ევგენი ფელდი, ირკვევა, რომ არის დაკავშირებული ალექსეი დიუმინთან, რომელიც გახლავთ ტულის ოლქის გუბერნატორი რუსეთში, პუტინის ყოფილი პირადი მცველი, რომელსაც ანალიტიკური ცენტრები მოიაზრებენ როგორც მის მემკვიდრეს პრეზიდენტად. იბადება კითხვა, როდესაც „მედასავლეთედ“ გვევლინება ხაზარაძე, საზოგადოებას სთავაზობს ასეთ ურცხვ ტყუილს, რომ ეს არიან ბრიტანელი ინვესტორები, სინამდვილეში ესენი არიან ყაზახურ-რუსული ინვესტორები. როგორ აპირებს პოლიტიკა გააგრძელოს ამდენი ტყუილებით და ამდენი სიყალბით? ეს დიდი ალბათობით არის რუსული შავი ფულის სარეცხი მანქანა და ამის შემოთავაზება იმ ფონზე, როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი პომპეო ამბობს, რომ ანაკლიის პორტში არანაირად არ უნდა იყოს რუსული და ჩინური ბიზნესინტერესები, ამის შემოსაღება არის უპასუხისმგებლობა“, – განაცხადა გია აბაშიძემ.

მისი თქმით, ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი უმსხვილესი პროექტის მშენებლობაში, როგორიც ანაკლიის პორტია, რუსული კომპანიის შემოპარება მამუკა ხაზარაძის გეგმა იყო, რასაც ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს.

“ამიტომ ამ კომპანიის შემოსაღება, როგორც ბრიტანული ინვესტორის, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასეთი ტყუილებით თუ აპირებს ბატონი ხაზარაძე პოლიტიკაში შემოსვლასა და დამკვიდრებას, მერწმუნეთ, რომ შორს ვერ წავა და ძალიან მალე დაამთავრებს. მისი განცხადება, რომ ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა დაბლოკა ბრიტანელი ინვესტორი, არის ძალიან დიდი ტყუილი. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი სამინისტროები და მთლიანად მთავრობა შეისწავლიან ამ საკითხს და პასუხს გასცემენ მას”, – აღნიშნა გია აბაშიძემ.

Facebook Comments