რელიგია

მეუფე შიო – ნებისმიერი ადამიანის დასასრული სნეულება და გარდაცვალებაა, ამიტომ დიდი უგუნურებაა ზედმეტად მიჯაჭვა და მატერიალურ ღირებულებებზე ზრუნვა,

ნებისმიერი ადამიანის დასასრული ეს არის სნეულება და გარდაცვალება, ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა, ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე შიომ სახარებიდან საქორწილო ნადიმის შესახებ იგავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უფალი იესო ქრისტე ყველა ადამიანს ეპატიჟება საქორწილო ნადიმზე, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ამაზე უარს ამბობს.

„დღეს იყო სახარებიდან წაკითხული იგავი საქორწილო ნადიმის შესახებ. იესო ქრისტე ბრძანებს ასეთ იგავს, რომ სასუფეველი ღვთისა ემსგავსა კაცსა მეუფეს, რომელმაც ქორწილი მოაწყო, საქორწილო ნადიმი გააკეთა. ეს ქორწილი იყო თავისი შვილის. მეუფე კაცი ვინ არის? ეს არის მამა ღმერთი, ძე არის ძე ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე და ქორწილი ეს არის სასუფეველი ღვთისა, მარადიული ცხოვრება. საქორწილო სერობა არის ის, რასაც დღეს ჩვენ ვესწრებით და ვმონაწილეობთ, ეს არის წმინდა ლიტურგია. ესეც ქორწილია, ესეც სერობაა. უფალი ყველას მოიწვევს, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი უარს ეუბნებიან. უფალი ხელმეორედ მოუწოდებს მათ, პატიჟებს და შეახსენებს მათ, რომ ყველაფერი გამზადებულია. მიუხედავად ამისა, მაინც უარს ეუბრებიან. მოიმიზეზებენ თავიან პირად საქმეებს. ზოგი სავაჭროდ მიდის, ზოგი ყანაში. ეს გვაფიქრებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ უგუნურებაში იმყოფება ადამიანი. წარმოიდგინეთ, ღმერთი გვეპატიჟება თავის მარადიულ სიხარულში, ნადიმზე და ადამიანები უარს ეუბნებიან. თითქმოს ყველამ იცის ბავშვობიდან, რომ მოელის გარდაცვალება ყველას. ნებისმიერი ადამიანის დასასრული ეს არის სნეულება და გარდაცვალება. ამიტომ ზედმეტად მიჯაჭვა და ზრუნვა ამსოფლიურ კეთილმოწყობაზე, მატერიალურ ღირებულებებზე, ეს დიდი უგუნურებაა. მიუხედავად ამისა, ადამიანები ამას უფრო არჩევენ და მარადიულ სიხარულზე უარს ამბობენ. ამის მიზეზი ალბათ, არის ძალიან დიდი დაზიანება ჩვენი ბუნების, ადამიანი ვეღარ გრძნობს, რას კარგავს, რას აკლდება. ამიტომაც უფალი იესო ქრისტე ამას გვახსენებს ამ იგავით“, – ბრძანა მეუფე შიომ.

პატრიარქის მოსაყდრემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების შემდეგ ზუბიაშვილების გვარი დალოცა.

Facebook Comments
თეგები