საზოგადოება

ჩემით ნაშოვნმა „სიმდიდრემ” მომცა შესაძლებლობა, თავი ყველასთან თანასწორად მეგრძნო, ვერავის დავეჩაგრე

„ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

ჩერგოლეიშვილი ეხმაურება შრომის კოდექსში მოსალოდნენ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს ორ ან მეტ სამსახურში მუშაობა შესაძლოა, აეკრძალოთ.

„კატო გაჩნდა 1997 წლის 14 იანვარს.

მაგ წელს ვამთავრებდი უნივერსიტეტს – სახელმწიფო გამოცდები მქონდა თებერვალში და მერე დიპლომი.

ვმუშაობდი დილის 9:00 დან 18:00 საათამდე – ძალიან მაღალი ანაზღაურება მქონდა იმ დროისთვის, 395 დოლარი.

უფროსთან მივედი ბავშვი რომ უნდა გაჩენილიყო – კანონმდებლობა არ არსებობდა. რამდენ ხანს დაისვენებო მკითხა – მეთქი 2 კვირა მეყოფა. 2 კვირიანი დეკრეტი მომცა.

ამის პარალელურად, სათარგმნებს ვიღებდი – კარგად მახსოვს რაღაც ჰესის TOR და უამრავი თანხმლები დოკუმენტი უნდა მეთარგმნა რუსულიდან ინგლისურად – 3000 მარკა გადამიხადეს.

20 საათიანი სამუშაო დღე მქონდა ორსულს – სამსახურიდან მოსული, სკამზე ავცოცდებოდი ხოლმე და თარგმნას ვაგრძელებდი.

რატომ? 400 დოლარი როცა გაქვს ხელფასი, თავი რატომ უნდა მოიკლა?

არ ვიკლავდი!

პირიქით, ის უფრო მაშინებდა, რომ არასტაბილურ, ღატაკ, დაქცეულ ქვეყანაში ახალ სიცოცხლეს ვაჩენდი და პანიკაში ვიყავი, რომ მას არაფერი დაკლებოდა! მუშაობით სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.

არც დაკლებია! ყველაფერი საუკეთესო ჰქონდა.

ეკონომიკურმა დამოუკიდებლობამ და ჩემით ნაშოვნმა “სიმდიდრემ” მომცა შესაძლებლობა თავი ყველასთან თანასწორად მეგრძნო, ვერავის დავეჩაგრე, ის მეკეთებინა – რაც მე მინდოდა! ის მომწონებოდა ან არ მომწონებოდა, ვინც მე მინდოდა! ის ამერჩია, რაც მე მინდოდა!

წელგამართული ვიყავი!

ცქიტიშვილი რომ მოსულიყო და ეთქვა, ახლა შენ მონობიდან უნდა გაგათავისუფლო, ვეღარ იმუშავებ დღეში 20 საათსო, ნაჯახით თავს გავუტეხავდი და კაციშვილი მომკითხავი არ იქნებოდა.

პერსონალური გამოცდილების განზოგადება ყოველთვის ზუსტი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში, საზოგადოებაც ინდივიდებისგან და ოჯახებისგან შედგება და ეს მავნე ნორმა ბლანკეტურია, ყველას ეხება!

P. S. ამ კედელზე გამოცხადებულ კომუნისტებს ვთხოვ, აი ჩემს კონკრეტულ, ინდივიდუალურ მაგალითზე ამიხსნან რატომ იქნებოდა კარგი ჩემთვის მუშაობის შეზღუდვა!

კოლექტიურ სიკეთეებზე ზოგადი ბოდვა არ მაინტერესებს.“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments