პოლიტიკა

ნადირაშვილი: პროკურატურაში წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ირმა ნადირაშვილის გამოკითხვა სკანდალური შეწყალებების საქმეზე დასრულდა. გამომძიებლების შემდეგ ნადირაშვილმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მას გამომძიებლებთან არ უსაუბრია წყაროს შესახებ, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა. ნადირაშვილი აცხადებს, რომ ის წყაროს გამხელას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ პირი რომელიც მას დაუკავშირდა, თავად იყო დაინტერესებული რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა მისი ახლობელი.

“გავა დრო და ვნახავთ, დაიბარებენ თუ არა ბატონ გაბუნიას და პრეზიდენტს პროკურატურაში ახსნა-განმარტებების მისაცემად. წყარო არ დავასახელე და განვუმარტე კიდეც გამომძიებელს, რომ კანონი მაძლევს უფლებას, დავტოვო ჩემი წყარო საიდუმლოდ. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ ინფორმაცია სწორედ ამ პირობით მივიღე, რომ არ გავასაჯაროებდი წყაროს და მეორე, ესეც დაკითხვის ოქმშია ჩაწერილი, რომ მე არ მინდა, ეს ადამიანი დევნის ობიექტი გახდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სამწუხაროდ და დაკითხვის შემდეგ მე მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი, როდესაც წყარო არ დავასახელე, რადგან ბოლო კითხვები იყო ისეთი, რომ ამ წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის თქმით წყარო მას მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სკანდალური შეწყალებების საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა:

“კომუნიკაციის დროს მითხრა, რომ თვითონაც სურდა დახმარებოდა თავის ახლობელ ოჯახს, რომ მიეღო შეწყალება და დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად რა საბუთები უნდა მიეღოთ, როგორ უნდა გადაედგათ ნაბიჯები შეწყალების მისაღწევად და ადვოკატმა უთხრა, რომ ძალიან მარტივი იყო დაკავშირებოდა გაბუნიას ერთ-ერთ პარტნიორს, რომელთან ერთადაც საადვოკატო ბიურო ჰქონდა და ამ პარტნიორის საშუალებით გასულიყო გაბუნიაზე და ასეთი წესით მიეღო შეწყალება. ინტერპრეტაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს პარტნიორი პაატა სალია არ გახლავთ. პაატა სალია ნამდვილად არ არის, ის რასაც აკეთებს ეყოფა. რა თქმა უნდა, ვიცი ვინც არის, მაგრამ ვერ დაგეხმარებით ისეთი ინფორმაციის მოწოდებაში, რომელიც ჩემი წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება პროკურატურას. ასევე ჩემს წყაროს უთხრეს რომ კონტაქტი ხდება ამ პარტნიორთან და შემდეგ პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე, შემდეგ კანტორა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეძახიან იქცევა “პატიოსნად” და ფულს აიღებენ მხოლოდ იმის მერე, როდესაც მსჯავრდებული დატოვებს პენიტენციალურ დაწესებულებას”, – განაცხადა ნადირაშვილმა. 

Facebook Comments