ჯანდაცვა

წამლები და საკვები პროდუქტები, რომელთა ერთად მიღება შესაძლოა, მომაკვდინებელი აღმოჩნდეს

არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომლებიც არ შეიძლება შევიდეს იმ ავადმყოფის რაციონში, რომელიც ამა თუ იმ წამალს იღებს. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცერებროვასკულარული პათოლოგიისა და ინსულტის ფედერალური ცენტრის ფარმაკოლოგმა, ანდრეი კორდახინმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა.

ექიმის თქმით, მაგალითად, ასპირინის ან იბუპროფენის მიღების დროს უარი უნდა ვთქვათ ჟოლოზე, რადგან ეს ნაყოფი ბუნებრივ სალიცილის მჟავას შეიცავს და ერთად მიღებამ შესაძლოა, შინაგანი სისხლდენა გამოიწვიოს. 

დაფიქსირებულია პაციენტების სიკვდილის შემთხვევები, როდესაც მათ გრეიპფრუტის წვენი ისეთ წამალთან ერთად მიიღეს, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს. თუმცა, არც სხვა წამლებთან ერთად მიღებაა სასურველი – გრეიპფრუტი ბლოკავს ფერმენტს, რომელიც პასუხისმგებელია აბებში შემავალი ნივთიერების დაშლაზე. შედეგად, ორგანიზმში გროვდება მავნე ნივთიერებები და ნელ-ნელა წამლავს ავადმყოფს.

ასევე, მკურნალობის დროს უნდა გამოირიცხოს რძე. მასში დიდი რაოდენობითაა კალციუმი, რომელიც წამლებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის მარილების ნალექს და ამცირებს ორგანიზმში პრეპარატში შემავალ ნივთიერებას. განსაკუთრებით არასასურველია რძისა და ანტიბიოტიკის ერთად მიღება.

ისპანახი, ბროკოლი და სალათის ფოთლები ცუდად მეზობლობენ სისხლისგამათხელებელ პრეპარატებთან (ვარაფინთან). მარწყვი და ჭარხალი კი, არტერიული წნევის დამწევი წამლის მოქმედებას მნიშვნელოვნად ამცირებენ. ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად ყველის მიღებამ შესაძლოა, ჰიპერტონული კრიზი და კრუნჩხვა გამოიწვიოს. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მხცოვანი ადამიანების კვების რაციონი შეისწავლეს და გამოავლინეს გარკვეული კანონზომიერება მათი სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ანტიოქსიდანტის შემცველი პროდუქტების გამოყენებასთან. ანტიოქსიდანტებში ლიდერია – მწვანე ჩაი, რომელიც შარდმდენი და ნოვთიერებათა ცვლის კატალიზატორია. დიეტოლოგების თქმით, ჩაი ყოველდღე უნდა მიიღოთ. შემდეგ მოდის ფინიკი და ქაცვი (ობლეპიხა): პირველი შეიცავს 23 ამინომჟავას, მათ შორის ტრიპტოფანს, რომელიც ფსიქიკის სტაბილიზებას უწყობს ხელს, მეორე კი- დიდი ოდენობით ვიტამინ A-ს, რომელიც დაბერებას ებრძვის და ორგანიზმის იმუნურ პროცესებში მონაწილეობს. 

Facebook Comments