მეცნიერება საზოგადოება

გუგული ქებურია: მგონია, რაღაც ძალა არსებობს, რომელმაც ტყუილად არ შექმნა ადამიანი და არ გაგვიმეტებს

ყოველ დილით კუს ტბაზე სიარული და ცივ წყალში ცურვა სიცოცხლეს მიხანგრძლივებს და ენერგიით მავსებს,-ამის შესახებ პირველი ქართველი მფრინავის, ბესარიონ ქებურიას შვილიშვილი, გუგული ქებურია „ინფო ფოსტალიონთან საუბრისას“ ამბობს.

ის მალე 83 წლის გახდება, თუმცა საკმაოდ მხნედ და ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება.

– პასპორტით გიორგი მქვია. ადრე  იმით ვიყავი ცნობილი, რომ პირველი ქართველი მფრინავის შვილიშვილი ვარ, ახლა კი, უფრო მიცნობენ, როგორც დიზაინერ ანუკა ქებურიას მამას. მეორე შვილი, სოფო ხელოვნებათმცოდნე და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია.

რაც შეეხება ჩემს პროფესიას, შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე დარგს ვეთამაშები, ძირითადი პროფესია კი,  ეკოლოგიაა, ვარ გლობალური ეკოლოგიის ექსპერტი. გლობალური ეკოლოგია განსხვავდება გარემოს დაცვისგან ისე, როგორც მათემატიკა უმაღლესი მათემატიკისგან. ამ თვალსაზრისით არ მინდა ბევრი ვისაუბრო, რადგან ცუდ ხასიათზე დადგებით.

-რატომ?

-ისე მიდის საქმე, რომ ნამდვილად აპოკალიფსი გველის. არ დავწვრილმანდები იმაზე საუბრით, რო ხე არ უნდა მოვჭრათ და გარემო არ დავანაგვიანოთ. აქ გაცილებით დიდი პრობლემაა, თუმცა დიდად არავის აინტერესებს.

2010 წელს მივიღე ეროვნული პრემია ეკოლოგიური უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში, რომელიც არავის წაუკითხავს. პრემია მომცეს იმიტომ, რომ არის ასეთი, ნობელის პრემიის ალტერნატიული პრემია ეკოლოგიაში და იქ ვიყავი ნომინირებული. რომ წაეკითხათ, გაიგებდნენ, რომ გარემოს დაცვის ინსტიტუტის გაუქმება დაუშვებელია. ჩვენი რელიეფისა და ბუნების პატრონს, როგორ შეიძლება, მეცნიერება არ გვქონდეს. 

-თქვენი ნაშრომი საქართველოს ეხებოდა? 

-გლობალურ საკითხებს ეხებოდა და საქართველოს ასპექტებიც იყო განხილული. კლიმატურ ცვლილებებს სამთავრობო წრეები გაერო-ს დონეზე განიხილავენ როგორც სითბური ეფექტის შედეგს. მარტო გამონაბოლქვი არ არის ამის მიზეზი, სითბური ეფექტის გამო, სხვა პროცესებიც ხდება და არის ჯამური, სინერგეტიკული ეფექტი. ამას კი, არ ითვალისწინებენ. ჩვენ რომ დღეს გავწყვიტოთ ყველა მანქანა და ჰაერი გასუფთავდეს, ეს პროცესი მაინც გაგრძელდება, რადგან ინერცია აქვს 100-წლიანი, და ის პრევენცია, რასაც ადამიანი აკეთებს, დროში 10-ჯერ ჩამორჩება კლიმატური ცვლილებების დამღუპველ ეფექტს.

სამთავრობო წრეებისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკური საკითხები – რომ დღეს იშოვონ ფული და რაღაც გააკეთონ. არსებობს ტერმინი – მდგრადი განვითარება, რომელიც ნონსენსია. რამდენ  ნაბიჯსაც გადავდგამთ, იმდენჯერ ბუნებას ვაზიანებთ. მდგრადი განვითარება არის ისეთი განვითარება, როცა ვითარდები, მაგრამ ბუნებას არ აზიანებ, რასაც ჩვენ ვერ მივაღწიეთ. გაერო-ში შექმნილია კომისია, სადაც ექსპერტების ჯგუფი, მეცნიერები მუშაობენ. მათ ჩემი პროგნოზები დაადასტურეს. დედამიწაზე საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ თითქმის 2 გრადუსამდე მოიმატა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისეთი ქალაქები, როგორიცაა მაგალითად ლონდონი, კალკუტა და სხვა, წყლის ქვეშ აღმოჩნდებიან. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მყინვარები დნება. მთავარია, რომ გახშირდება სტიქიური მოვლენები- ცუნამი, მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა.

-საქართველოს არის საშიშროების ამ წითელ ხაზში?

-საქართველო ყველაზე მოწყვლადი ბუნების მატარებელია. ჩვენ ყველაფერი გვაქვს უდაბნოდან დაწყებული, მყინვარებით დამთავრებული. დნობა მიდის  და არ არის გამორიცხული, რომ 10 წელიწადში თოვლი სანატრელი გაგვიხდეს. პლანეტის ისტორიაში ასეთი კატასტროფები ყოფილა, მაგრამ მომზადებული თუ არ შეხვდება ადამიანი, წყდება ცივილიზაცია და როგორც ეინშტეინმა თქვა, შესაძლოა, ნაჯახით მოგვიწიოს ყველაფრის თავიდან დაწყება.

თუ ჩვენ არ გამოვფხიზლდით გლობალური მასშტაბით, თვითონ ბუნება მიაღწევს იმას, რომ შეამცირებს კაცობრიობის რიცხვს. ჩვენ დღეს უკვე 8 მილიარდამდე ავედით, თუმცა არსებობს ოქროს მილიარდის ცნება, რომლის ატანაც დედამიწას შეუძლია.

მეცნიერების აზრი ერთმანეთს ემთხვევა ამ საკითხზე?

-დიახ, მეცნიერების ემთხვევა, მაგრამ სამთავრობო სტრუქტურებს არ აწყობთ და შეგნებულად თვალს ხუჭავენ, აბა როგორ შეიძლება, საქართველოში ეკოლოგიის ინსტიტუტი არ არსებობდეს. ისედაც, ამ მეცნიერების საკითხი ჩვენთან ძალიან მძიმედ არის, საშტატო ერთეულები შემცირდა და დაფინანსებაც. ახალგაზრდობა 200-ლარიან ხელფასზე არ წავა. 

დღეს ევროპა ითვლება ყველაზე კომფორტულ კონტინენტად, კაცობრიობა კი, მრავლდება აფრიკის ხარჯზე. აფრიკას ახლა ძალიან უჭირს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი შვილი ჰყავდეთ და გამრავლდნენ. იქ სიკვდილიანობაც მაღალია, მაგრამ გადარჩენის ინსტიქტი აქვთ.ამიტომაც შეესივნენ ევროპას. ამ პირობებში საქართველოც იჭყლიტება, რადგან პატარა ქვეყანა გვაქვს. კარგად იცით, უმეტესად ვინ ყიდულობს ჩვენთან სახლებს, მიწებს. რა ხდება პლეხანოვზე. ქართველები მალე ისედაც უმცირესობაში ვიქნებით, სიკვდილიანობა სჭარბობს შობადობას, რაც მთავარია, თუ ვინმეს რამე შეეძლო, დიდი ნაწილი უცხოეთშია წასული. მათგან ზოგი რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს პატრიოტულ გრძნობებს, მაგრამ უმრავლესობა მაინც იქაური მენტალიტეტით ცხოვრობს. ჩვენ შესაძლოა, მომავალში ეკონომიკურად უფრო განვითარებული საქართველო ვნახოთ, მაგრამ ქართველი უმცირესობაში იქნება. ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმედია, თითო გურულს, კახელს, მეგრელს გააჩერებენ. ეს ხუმრობით.

-რადგან კუთხეებზე ჩამოვარდა საუბარი, გვიამბეთ თქვენს შესახებ, საიდან ხართ.

-სამეგრელოდან ვარ, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ქვედა ჩხორიწყუდან. ზაფხულობით ბაბუასთან, ბესარიონ ქებურიასთან ჩავდიოდი. მან არაჩვეულებრივად იცოდა სოფელი, ამავე დროს იყო ნამდვილი ევროპელი. 14 წლის ბიჭი, როდესაც მიერეკებოდა ძროხებს, ფოთში გაყვა მწყემსებს, დარჩა იქ და დაიწყო რკინიგზის მშენებლობაზე მუშაობა. მაშინ ინჟინერი იყო სლივიცკი- ელდარ და გიორგი შენგელაიების ბიძა. მან ისე მოამზადა 3 წელიწადში ბაბუაჩემი, რომ პეტერბურგში ექსტერნად გამოცდები ჩააბარა გზების მიმოსვლების ინსტიტუტში. ამ ინტიტუტის დირექტორი იყო გარსევანიშვილი, რუსეთის სამეცნიერო საზოგადოების დამაარსებელი. 1910 წელს ბესარიონ ქებურია, რომელსაც ულამაზესი ცოლი და სამი შვილი ჰყავს, ტოვებს ყველაფერს, მიდის საფრანგეთში და მსოფლიოს 209-ე მფრინავი ხდება.

იქ ისეთი პირობები იყო, რომ ფრენას მინდორში ასწავლიდნენ, ინსტრუქტორი ცაში ვერ მიყვებოდა. რიგში უნდა მდგარიყავი, რამეს თუ დააზიანებდი, დიდი ჯარიმები იყო. ბაბუას ამდენის საშუალება არ ჰქონდა და მეგრულ ხრიკს მიმართა – თვითონ იყიდა თვითმფრინავი, 25 ცხენისძალიანი, დღეს მოპედი არ არის ასეთი. შეიძინა და ამ თვითმფრინავით შემოიარა ვოლგისპირეთის ქალაქები, შემდეგ კი, ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა, 1910 წლის ნოემბერში ქართველებმა პირველად ნახეს ცაში ბესარიონ ქებურიას თვითმფრინავი. 

თუმცა თვითმფრინავი ძალიან სუსტი იყო, ქარის სათამაშოსავით, რამდენჯერმე კატასტროფაშიც მოყვა, მაშინ შეიძინა 50-ძალიანი ძრავი და თავისი ხელით ააწყო ახალი კონსტრუქციის თვითმფრინავი. მოაწყო გადაფრენები სენაკში, იქიდან ფოთში, მერე ბათუმში. ლექციებს კითხულობდა და ავიაციის რიგებში მრავალი ახალგაზრდა მოიზიდა. მერე „დოსააფშიც“ მოღვაწეობდა, ომის დროს კი, ჩხოროწყუში აეროდრომი ააგო.  

-თბილისის აეროპორტში მისი ძეგლიც იყო.

-ჩხოროწყუს ცენტრში ახლაც დგას, თბილისში ბრინჯაოს ოთხმეტრიანი ქანდაკება იყო. მერცხლის ფიგურა კი 6-მეტრიანი, სპილენძის. განუკითხაობის დროს სპილენძს ვინ დატოვებდა, მოჭრეს მერცხალი დრელით და ჩააბარეს ჯართში. მეორე დღეს მიადგნენ ბაბუაჩემსაც. თუმცა იქვე, სასტუმროში ცხოვრობდნენ დრანდიდან ჩამოსული ლტოლვილები, მფრინავების ოჯახები. ქებურიას იპარავენო, ჩამოვიდნენ მეგრელები და გალახეს ქურდები, თუმცა პოლიციამ ლტოლვილები დაიჭირა.

დავით ნარმანიამ მერობის დროს გამოიტანა დადგენილება, რომ რადგანაც აეროპორტის ძველი შენობა გაუქმდა და თურქებმა ახალი ააგეს, ქანდაკებაც მის გვერდით მდებარე სკვერში გადმოიტანონ. სამჯერ შეგროვდა მერიის არქიტექტორთა კომისია და სამჯერ ვერ გამოიტანეს დადგენილება. სადაც იდგა, იქ აღვადგინოთო, მადლობა ღმერთს, სოფიკო ხუნწარია მოვიდა მერიაში, მეც დავესწარი კრებას და ვუთხარი, თუ გინდათ, ვერავინ ნახოს, ტყეში დავდგათ მეთქი. მაშინ დამტკიცდა, რომ დაიდგმება ახალი აეროპორტის შენობის გვერდით. ამ ეტაპზე ველოდებით ტენდერის გამოცხადებას. 

მუნიციპალიტეტს სოფელში, ჩვენს სახლში ბაბუას სახლ-მუზეუმის მოწყობა უნდა, მაგრამ ამას გარკვეული თანხები სჭირდება, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ. სამწუხაროდ, მე მხედრიონის დროს ოთხჯერ ვარ დაყაჩაღებული, თორემ მე თვითონ გავაკეთებდი ყველაფერს, მაქვს შეგროვილი საკმაოდ უნიკალური არქივი ქართველ მფრინავებზე, თავის დროზე  ვმუშაობდი პარიზის ავიაციის მუზეუმში, მოსკოვის მუზეუმში, კონტაქტი გვაქვს ამერიკასთან, უილსონის ინსტიტუტთან. მაქვს ძალიან საინტერესო და უნიკალური მასალა. სხვათა შორის, ტურისტულ მარშრუტში ჩართვაც იქნებოდა შესაძლებელი. 

მოკლედ, რომ იტყვიან, თუ გინდა, რომ გაიმარჯვო, საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა მოხვდე, სამწუხაროდ, მე ცუდ დროს აღმოვჩნდი და სულაც არ ვარ საჭირო. ეკოლოგიაში ვმოღვაწეობ, რომელიც დღეს არავის აინტერესებს. გაერო-ს სესიის წინ მივმართე ჩვენს მთავრობასაც და პრეზიდენტსაც, რომ ამ თემაზე გაამახვილონ ყურადღება. არსებობს გარემოს დაცვის პროგრამა, რომელიც უნდა იქნას რეფორმირებული სააგენტოდ. მაშინ მეტი ფუნქცია ექნებოდა.

ადრე თუ გვიან, როდესაც კატასტროფები მოხდება, როგორც ომის შემდეგ შექმნეს გაერო, კაცობრიობა ასევე იძულებული იქნება, რომ შეიქმნას მისი მართვის ორგანო,, რაზეც ეინშტეინი ოცნებობდა. გარდა ეკოლოგიისა, სხვა საშიშროებაც არსებობს, მაგალითად ასტეროიდის დაჯახება, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, თუ გვინდა, რომ ცივილიზაცია გადარჩეს.

მე პირადად არ მეშინია სიკვდილის იმიტომ, რომ ვიცი, ადრე თუ გვიან მოვა, ღმერთმა ქნას და უმტკივნეულოდ მოხდეს, როგორც ბაბუაჩემმა დაიძინა და აღარ გაიღვიძა. მაგრამ როცა იცი, რომ შეიძლება კაცობრიობა გადაშენდეს, ეს საშინელებაა. დინოზავრები ხომ არ ვართ. თუმცა მგონია, რომ რაღაც ძალა არსებობს, რომელმაც ტყუილად არ შექმნა ადამიანი და ასე არ გაგვიმეტებს, ამის იმედი მაქვს.

Facebook Comments