საგარეო პოლიტიკა

აბაშიძე: რუსეთი თუ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ავიამიმოსვლა აღდგეს, ჩავთვლით რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

„თუ რუსეთის მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას და საავიაციო მიმოსვლა აღდგება, ჩვენ ამას მივესალმებით“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ „პირველს“ განუცხადა.

„რაც შეეხება, რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას წინა დღეს გაკეთდა ლავროვის მიერ კომენტარი იმის შესახებ, რომ რუსეთის მხარე ფიქრობს საავიაციო მიმოსვლის აღდგენას, გახსოვთ რომ ივნისში რუსეთის გადაწყვეტილებით შეჩერდა დროებით მიმოსვლა, თუ რუსეთის მხარე მიიღებს გადაწყვეტილებას და საავიაციო მიმოსვლა აღდგება, ჩვენ ამას მივესალმებით და ჩავთვლით, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. რადგან  გარდა იმისა რაც მოგახსენეთ ჩვენს ინტერესებშია ადამიანებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა, ზოგადად ტურიზმის განვითარება და ესკალაციის შემცირება“,- განაცხადა აბაშიძემ.

„პირველის“ კითხვაზე მომავალში თუ იგეგემბა მინისტრების დონეზე ასეთი მაღალი დონის შეხვედრა –  დიპლომატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის.

„ეს იყო ერთჯერადი შეხვედრა. თუ ამის  საჭიროება იქნება მომავალში ჩვენ იმის მომხრე ვართ რომ გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა ნებისმიერი ფორმატის იმისათვის რათა ვეძებოთ გამოსავალი ამ ჩიხური მდგომარეობიდან და  რაც მთავარია შევამციროთ დაძაბულობა ადგილზე,  რაც ჩვენს მოქალაქეებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან დიდ სირთულეებს უქმნის. ასეთია ჩვენი ხედვა“, – განუცხადა „პირველს“ დიპლომატმა.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები გასულ ზაფხულს შეწყდა.

ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ.

Facebook Comments