ტექნოლოგია

ახალციხელი გურამ სუდაძე ტრაიციკლ „წიქარას“ სამი წლის განმავლობაში აწყობდა

სამწლიანი მუშაობის შემდეგ, გურამ სუდაძის ხელნაკეთი მანქანების კოლექციას მესამე –ტრაიციკლი „წიქარას“ შეემატა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

„წიქარას“ გაკეთების იდეა საკუთარი მოტოციკლის დაზიანების შემდეგ გაუჩნდა. გურამი ამბობს, რომ მოტოციკლის გადაგდება დაენანა და ამიტომ მეორე სიცოცხლე აჩუქა: „დავარქვი წიქარა, როგორც ხარი, ხომ არსებობს ლამბორჯინი, რედ ბული, ესაა წიქარა, ჩვენი ქართული, ახალციხელი“.

აწყობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, თუმცა მისთვის სასიამოვნო იყო. დიზაინის შექმნაში ახლობელი დაეხმარა.

„ეს ყველაფერი გამოძერწილი იყო თაბაშირში, მერე ყალიბი ავიღე და ჩამოვასხი ფორმები, ძალიან მსუბუქია. ნაწილები ზოგი მეორადია, ზოგიც გამოვიწერე. აქ ღირებული არაფერია. აგრეგატები, ძირითადად, ყველაფერი ქარხნულია, ზოგი ახალი, ზოგი მეორადი, მყარია და ადვილად ექვემდებარება დამუშავებას, ნებისმიერი ფორმის მიცემა შეიძლება. ძირითადი დრო ამის გაკეთებამ წაიღო. ძალიან დაბალბიუჯეტიანი პროექტია. მანქანის გაკეთება დამიჯდა დაახლოებით 5 000 ლარი“.

ახალციხელი წიქარა საათში 160 კმ–ს ავითარებს და წუთში 12 000 ბრუნი აქვს, თუმცა გურამმა ჯერ ბოლომდე ვერ გამოსცადა, რადგან ნომრები არ აქვს და ქალაქში სიარული არ შეუძლია.

წიქარას სრულყოფა ერთი თვის წინ დაასრულა. მანქანის ან ტრაიციკლის საკუთარი ხელებით აწყობა მისთვის შემოქმედებითი პროცესია, ამიტომ ყოველთვის მარტო უყვარს მუშაობა. შეიძლება, ახლობელი რომელიმე ნაწილის აწევაში მიიხმაროს, თუმცა ძირითად საქმეს ის მარტო აკეთებს, რადგან ამისგან დიდ სიამოვნებას იღებს.

„როცა ფიქრობ, მარტო უნდა იყო. კეთების დროსაც ყოველთვის არ გამოგდის. შეიძლება, გადააკეთო რამდენჯერმე. ეს ისეთი შემოქმედებითი პროცესია!.. შეიძლება ვიღაცა მოიხმარო – ამიწიე, დამიწიე, დამიჭირეში. მაგრამ როცა ფიქრობ და თან აკეთებ, მარტო ყოფნა სჯობია“.

მანქანების აწყობა 20 წლის ასაკიდან დაიწყო. ახსოვს, პირველი მანქანა „ზაპოროჟეცის“ აგრეგატებზე ააწყო, თუმცა არ გამოუვიდა. შემდეგ უფრო მეტი ისწავლა და თავისი საყვარელი მანქანა–რეტრო ააწყო, რომელსაც „ახალციხელი“ დაარქვა. ასევე, ჰყავს ბაგი, რომელსაც „ჯეირანი“ ჰქვია.

გურამს უყვარს თავისი ხორცშესხმული პროექტების გამოცდა. იშვიათად, მაგრამ როცა კი რაიმე ფესტივალი ან ღონისძიებაა ხოლმე, საკუთარი ნამუშევრები საჩვენებლად გამოჰყავს.

ამბობს, რომ მის ხელნაკეთ პროექტებს არასდროს გაყიდის და არც ამ საქმის ბიზნესად გადაქცევის სურვილი აქვს, რადგან ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთის აკეთებს, ეს მისი ჰობია.

ახლა სხვა მანქანის აწყობაზე არ ფიქრობს. სურს, რომ თავისი „წიქარა“ გამოსცადოს და მსოფლიო შემოიაროს.

„ახალციხეში არის მოტოკლუბი “castle riders”, მეც მათი წევრი ვარ. საინტერესო ხალხია. ბევრს მოგზაურობენ, უყვართ ესქტრიმი. როგორც კი წიქარას გავიფორმებ, მეც მათთან ერთად წავალ სხვადასხვა ადგილებში, მსოფლიოს მასშტაბით“, – ამბობს გურამი

sknws

Facebook Comments